თბილისის ცენტრში, 9-სართულიანი შენობის მეოთხე და მეხუთე სართულებზე "კურიერის" ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრები ფუნქციონირებდა, თუმცა ეს ერთ-ერთია და არა ერთადერთი იმ ოფისებიდან, რომელსაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები უკანონოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ფულის ან კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად იყენებდნენ. ტრანსნაციონალური დანაშაული პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად გახსნა. გაშიფრა სქემაც და ორგანიზებული ჯგუფის 10 წევრი ამხილა.
ორი უწყების მიერ ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედებით და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ დაჯგუფების ლიდერი და ქოლცენტრების მფარველი ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო. მასთან ერთად კი დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულები იყვნენ ძმები მიქაძეები, ელისო კილაძე, გივი ჯიბლაძე, ბიზნესმენი ბენ ანური და კიდევ 4 პირი.
ელისო კილაძეს ხელბორკილები მის საცხოვრებელ სახლთან დაადეს. ტატიშვილის 34 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატის ინფორმაციით, ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები და ფული. თავად კილაძე თაღლითობასა და ფულის გათეთრებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ორგანიზებულ ჯგუფთან კავშირი არასდროს ჰქონია.
ბრალდებული ელისო კილაძე უარყოფს, გამოძიების ინფორმაციით კი სწორედ ის უწყობდა ხელს ქოლცენტრების ფუნქციონირებას, უკანონო საქმიანობას კანონიერად ასაღებდა და აშანტაჟებდა იმ ქოლცენტრების წევრებს, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის გავლენის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.
20-ტომიანი საქმის მასალებში ელისო კილაძის წინააღმდეგ ამავე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ბენ ანორის მამხილებელი ჩვენებაც დევს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა. ადვოკატის თქმით, სწორედ მან გადასცა პროკურატურას აუდიოჩანაწერი, რომელშიც ელისო კილაძე და გივი ჯიბლაძე ქოლცენტრებთან დაკავშირებით საუბრობენ.
აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას, ბენ ანორის ადვოკატის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. ზურაბ თოდუას თქმით, ბენ ანურმა აღიარა, რომ ქოლცენტრები მის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით მუშაობდნენ.
როგორ მოქმედებდა სქემა და ვის რა ფუნქცია ჰქონდა ორგანიზებულ ჯგუფში? - გამოძიებამ დაადგინა, რომ საქმის ათი ფიგურანტიდან ყველა განსხვავებულ დავალებას ასრულებდა. ჯგუფის წევრთა ნაწილი ქოლცენტრების უსაფრთხოდ მუშაობას გავლენებით უზრუნველყოფდა, ნაწილი კი ოფისებისა და კადრების სწორ მენეჯმენტს ახორციელებდა.
ბრალის ოფიციალურ დადგენილებას, ოთარ ფარცხალაძის ნაცვლად, მისი უფლებადამცველი გაეცნო. როგორია ქვეყნიდან გაქცეული ექსმაღალჩინოსნის პოზიცია, ეს, ჯერჯერობით, უცნობია. ორგანიზებულ ჯგუფთან მისი დაცვის ქვეშ მყოფების კავშირს გამორიცხავს ძმები მიქაძეების ადვოკატი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022-2023 წლებში თბილისში არაერთი მრავალენოვანი ქოლცენტრი ფუნქციონირებდა. თაღლითური სქემა კი ასე მუშაობდა - ოპერატორები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჯერ სავაჭრო პლატფორმებში ინვესტიციების ჩადებას სთავაზობდნენ, შემდეგ კი მათ მიერ ჩადებულ დიდი ოდენობით თანხებსა და კრიპტოვალუტას მოტყუებით ეუფლებოდნენ. პროკურორის ინფორმაციით, მიღებული თანხის ნაწილით სხვადასხვა ოპოზიციური მედიასაშუალებები ფინანსდებოდა. ქოლცენტრების მცირე ჯგუფს კი, ფარცხალაძესთან ერთად, პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა.
ე.წ. ქოლცენტრების საქმის ფიგურანტებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ტრანსნაციონალურ დანაშაულში ჩართული სხვა წევრების გამოსავლენად, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
ავტორი: ნანა გოგატაძე