28 ოქტომბერი 2026,   01:45
ვრცლად
"თუ ბირჟის გარეთ არის მისამართი, ანუ ე.წ. ცივი საფულე, მას არავითარი იდენტიფიკატორი არ გააჩნია" - კრიპტოვალუტის სერტიფიცირებული ექსპერტი ელისო კილაძის განცხადებებზე

ელისო კილაძის განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც ის ამტკიცებს, რომ მისი დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შურისძიებას უკავშირდება, შეფასებები კეთდება. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, დაკავების შემდეგ კილაძემ წერილში დაწერა, რომ მამუკა მდინარაძე ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობაში ამხილა.

ანალოგიური ინფორმაცია ელისო კილაძემ ჯერ კიდევ 15 ივლისს გაავრცელა. რეალურად კი ირკვევა, რომ კილაძის მიერ გამოქვეყნებული ბიტკოინების საფულის "სქრინი" აღებულია კრიპტოვალუტის გადარიცხვების შესახებ საიტიდან, სადაც არაერთი მსგავსი სახის მასალის მოძიება ყველას შეუძლია.

ასევე, ირკვევა, რომ "სქრინში" მითითებული კოდი 2015 წელს წყალდიდობის შედეგად დაზიანებებისა და დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ელისო კილაძემ ეს ინფორმაცია დამალა და საქართველოს მისამართზე გადარიცხული კრიპტოვალუტა, მამუკა მდინარაძის ბიტკოინებად მოიხსენია. გამოქვეყნებულ "სქრინში" არსადაა მითითებული რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "კურიერი" კრიპტოვალუტის სერტიფიცირებული ექსპერტს ესაუბრა. როგორც ალექს სუდაძე აღნიშნავს, ე.წ. ცივ საფულეს არავითარი იდენტიფიკატორი არ გააჩნია.

"თუ ბირჟის გარეთ არის მისამართი, ანუ ე.წ. ცივი საფულე, მას არავითარი იდენტიფიკატორი არ გააჩნია, არც მეილზე არ არის რეგისტრირებული, არსად არ არის. შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თვითონ გახსნას ტელეფონში, სმარტფონში, მაგრამ მას არ გააჩნია პიროვნული იდენტიფიკატორი, როგორიც არის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი და ა.შ. ასე პიროვნული საფულეები უამრავი იქმნება, სანამ ახლა მე ვსაუბრობ, მსოფლიოში შეიძლება 100 000 საფულე შეიქმნა უკვე", - აღნიშნა კრიპტოვალუტის სერტიფიცირებული ექსპერტმა ალექს სუდაძემ.

დღის ამბები