განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატ გია ბენაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და მშობლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
"გავაცანით მიმდინარე რეფორმები, განსაკუთრებით სასკოლო და უმაღლესი განათლების მიმართულებით და ამომწურავად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის მშობლების მეტი აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ვესტუმრეთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს, სადაც აჭარის მაღალმთიანი რეგიონიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ჩვენ ვნახეთ იქ სკოლის შენობა, რომელიც საჭიროებს მყისიერ რეაგირებას და რეაბილიტაციას. ეს შენობა ჩასმული გვაქვს პირველ პრიორიტეტში და უახლოეს პერიოდში, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობით უნდა მოხდეს ამ მშენებლობის დაწყება", - აცხადებს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე.