06 ივნისი 2026,   04:31
ვრცლად
დღემდე, მრავალი ევროპული სახელმწიფო და ევროკავშირი თავს არიდებენ ტერმინ "ოკუპაციის" ოფიციალურ გამოყენებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნის აღწერისას - სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. სამხარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ იმ ქვეყნების დაფინანსებაზე, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას. მან ორი კონკრეტული მაგალითიც დაასახელა.

თავის გამოსვლაში ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ევროკავშირის წევრი მრავალი ქვეყანა და თავად ევროკავშირი ოფიციალურ დოკუმენტებში კვლავ ერიდება ტერმინ "ოკუპაციის" გამოყენებას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აღსაწერად.

"ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რამდენად მყიფეა დიდი სახელმწიფოების ერთგულება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის, მიმართ. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისეთი მცირე ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, რომლის რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, ხოლო ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ქართველი უკვე სამ ათეულ წელზე მეტია უწყვეტ ტრავმას განიცდის.

ადგილზე არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული, ე.წ. ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას უკრძალავს. საოკუპაციო ძალები ასევე ეწევიან ქართული ეკლესიების სისტემატურ გადაკეთებასა და "გათეთრებას," რითაც განზრახ შლიან ქართულ რელიგიურ და კულტურულ კვალს იმ მიწაზე, რომელიც ისტორიის მანძილზე ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილი იყო. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გატაცება, გამოძალვა და დახვრეტაც კი, რუსული ძალების მხრიდან რუტინულ მოვლენად იქცა.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით იმედგამაცრუებელია იმ სახელმწიფოებისა და მთავრობების ბუნდოვანი პოზიცია და ყოყმანი, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ. დღემდე, მრავალი ევროპული სახელმწიფო და ევროკავშირი თავს არიდებენ ტერმინ "ოკუპაციის" ოფიციალურ გამოყენებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნის აღწერისას. მეტიც, მაშინ როცა ისინი თავს საერთაშორისო სამართლის მტკიცე დამცველებად წარმოაჩენენ, ინარჩუნებენ კეთილგანწყობილ ურთიერთობებს იმ სახელმწიფოებთან და რეჟიმებთან, რომლებიც მოსკოვის კარნახით აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას.

აი, ორი თვალსაჩინო მაგალითი: ცოტა ხნის წინ, ევროკავშირმა გამოაცხადა სირიისთვის 2026-2027 წლებისთვის განკუთვნილი ძირითადი ფინანსური დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც 600 მილიონ ევროს აჭარბებს. თუმცა, ევროკავშირს ფინანსური დახმარება არ დაუკავშირებია დამასკოს ახალი მთავრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებასთან. იგივე ეხება ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დამრღვევი ქვეყნის - წყნარი ოკეანის კუნძულ ნაურუს მიმართ. ნაურუ ჩართულია ევროკავშირის "რეგიონული წყნარი ოკეანის თანამშრომლობის ჩარჩოს" პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის მიმართ მდგრადობის, მდგრადი განვითარების, საჯარო ფინანსების და ა.შ. გაძლიერებას, რისთვისაც ჯამში მილიონობით ევროა გამოყოფილი. არც ამ შემთხვევაში მოუწოდებია ევროკავშირს ნაურუს ხელისუფლებისთვის, შეეწყვიტათ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და გაეწვიათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევთათვის ფინანსური დახმარების გაწევა კიდევ უფრო ასუსტებს საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტურ პრინციპს. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის დამრღვევთათვის გაცემული ნებისმიერი ფინანსური დახმარება დამოკიდებული უნდა იყოს მათ მიერ ამ ძირითადი პრინციპების პატივისცემაზე," - განაცხადა სამხარაძემ. 

დღის ამბები