ბრიტანეთის ყველაზე დიდი კინოღამე - გასული წლის საუკეთესო ფილმები, მსახიობები და შემოქმედებითი მიღწევები.
"ბაფტა" ოსკარების ცერემონიის წინ ყველაზე დიდი კინოდაჯილდოებაა.
საუკეთესო ფილმის ნომინაციაში კინოაკადემიამ 5 სურათი წარადგინა. ბრინჯაოს ნიღბების მოპოვებას 26 კატეგორიაში მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი და შედარებით ახალი სახეები შეეცდებიან.
14 ნომინაციით "ბრძოლა ბრძოლის შემდეგ" ლიდერობს. ფილმი რევოლუციონერ ბობზე მოგვითხრობს, რომელიც მტრებისგან ქალიშვილის დაცვას ცდილობს. ფილმისთვის ლეონარდო დიკაპრიო საუკეთესო მსახიობის კატეგორიაშია წარდგენილი. პოლ ტომას ანდერსონის ნამუშევარს 13 ნომინაციით კონკურენციას ოსკარის ნომინაციების რეკორდსმენი "ცოდვილნი" უწევს.
უკვე არაერთხელ აღიარებულ "ჰამნეტს" და "მარტი დიდებულს", რომელმაც ტიმოთე შალამეს პირველი ოქროს გლობუსი მოუტანა, 11 ნომინაცია აქვთ.
თუმცა ნამდვილი ინტრიგა 79-ე "ბაფტაზე" სხვადასხვა თაობის, გამორჩეული სტილისა და სამსახიობო ოსტატობის მქონე ვარსკვლავების დაპირისპირებაა.
ტიმოთე შალამესა და ლეონარდო დიკაპრიოს თანაბარ პოზიციაზე ყოფნა ბრძოლის გამოცხადებას უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალოდ კინოს ზეიმს. როცა ინდუსტრიის მომავალი უკვე დამკვიდრებულ ლეგენდას ეჯახება, გამარჯვებული არა მხოლოდ ბრინჯაოს ნიღბის მფლობელი, არამედ სტილისა და შემოქმედებითი მიმართულების ინდიკატორი გახდება, რომელიც კინოს მომავალ წლებს განსაზღვრავს.
ბრიტანული ფილმები, რომლებიც ოსკარებზე თითქმის არ არიან ნომინირებული, "ბაფტაზე" დიდი ყურადღებით გამოირჩევიან. მათ შორისაა "28 წლის შემდეგ", "ბრიჯიტ ჯონსი - ბიჭზე გაგიჟებული", "მოკვდი ჩემო სიყვარულო", "სტივი" და სხვა.
ხმაურიანი სათაურებისა და ვარსკვლავური დაპირისპირების მიუხედავად, 2026 წლის BAFTA-ს მთავარი არსი ბევრად უფრო ღრმა პროცესში - ამომრჩეველთა გემოვნების რადიკალურ ცვლილებაში იმალება, რაც მიანიშნებს, რომ ნომინაციების სიმრავლე მხოლოდ ვარსკვლავურ ძალაზე არ არის დამოკიდებული - საქმე ღირებულებების ფუნდამენტურ გადაფასებასთან გვაქვს. პრიორიტეტი ენიჭება ავტორის ხედვას და არა სტუდიურ სტანდარტებს, რაც კონკურენციას არაპროგნოზირებადსა და დაძაბულს ხდის.
79-ე ცერემონია ფორმატსაც ცვლის და გლობალურ აუდიტორიაზეა გათვლილი.
პროდიუსერებმა დაადასტურეს K-pop ჯგუფის მასშტაბური გამოსვლა - უპრეცედენტო ნაბიჯი ტრადიციულად უფრო კონსერვატიული "ბაფტასთვის".
ეს მცდელობაა, მიიზიდონ ახალგაზრდა, გლობალური მაყურებელი და დარჩნენ აქტუალური ციფრულ ეპოქაში.
კინოსამყარო მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ემზადება. ბრიტანული კინოაკადემია გამარჯვებულებს 79-ე ცერემონიაზე 22 თებერვალს გამოავლენს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი