07 აგვისტო 2026,   01:09
ვრცლად
"არ აღიარებს დანაშაულს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოება, ეს არის განზრახი დანაშაული" - ბიზნესმენ ივანე გოგლიძის ადვოკატი

სიცოცხლისთვის საშიში და უვარგისი პროდუქცია, რომლითაც ჯარი მარაგდებოდა. ბიზნესმენ ივანე გოგლიძის სასამართლო პროცესი გვიან ღამით დასრულდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გოგლიძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ნახევარი მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი, კახა წერეთელი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.

"სასამართლოს ვრცელი დასაბუთება ვერ მოვისმინეთ. რამდენიმე წინადადება მოვისმინეთ, რომ ის რისკები, რაც ბრალდების მხარემ განაცხადა, ლოგიკურია და ამიტომ შეუფარდა პატიმრობა. არ აღიარებს დანაშაულს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოება, ეს არის განზრახი დანაშაული და თავად ბრალდების ფაბულაშიც კი არ არის მითითებული, უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობა," - აცხადებს კახა წერეთელი.

მხოლოდ 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე ბრალდებულის კომპანია "ბატონომ" 400 ათასი ლარის ღირებულების 24 ათასი კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა: სასაზღვრო პოლიციასა და შპს "სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას" რომელიც თავის მხრივ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ამარაგებს. დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა კიდევ 17 ათასი ერთეული ფალსიფიცირებული კონსერვი. როგორც ირკვევა, პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად შეუსაბამოა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებთან.

დღის ამბები