ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება და სოციალურად დაუცველთა ბაზის განახლება - ეს "რუსთავი 2-ზე" მორიგი დებატების მთავარი თემებია.
ჯანდაცვის მინისტრი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ოპოზიცია და ექსპერტები - ერთმანეთის პირისპირ დღეს, 22:00 საათზე დასხდებიან.
"ერთეული შემთხვევების გარდა, უკვე რამდენიმე წელია ეს ბაზა არ გადამოწმებულა. გახსოვთ, რომ კოვიდის დროს იყო გამოცხადებული მორატორიუმი, რათა პანდემიის დროს ოჯახები არ გამოთიშულიყვნენ ამ ბაზიდან. უკვე 2026 წელია, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მინიმუმამდე არის უმუშევრობა და, რა თქმა უნდა, ამის ფონზე, 710 000 ადამიანი, რომელიც შემწეობას იღებს, ნამდვილად არ შეესაბამება იმ მონაცემებს, რომელიც რეალურად გვაქვს მოწოდებული საქსტატიდან. პარლამენტი, მთავრობა, სამინისტრო აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე, არაერთი შეხვედრა გაიმართა უკვე," - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.
ჯანდაცვის უწყებაში სიახლის შესახებ განცხადება მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გაახმაურა. მათ გამოსავლენად, ვისაც რეალურად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება, უწყება სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. ახალი მონაცემები სისტემაში მოგვიანებით აიტვირთება, მანამდე კი ირკვევა, რომ უკვე რეგისტრირებული რამდენიმე ასეული ათასი ოჯახიდან, ბევრს მაღალ შემოსავალთან ერთად, ძვირადღირებული ავტომანქანებიც ჰყავს.