იმპორტიორები და დისტრიბუტორები - ადგილობრივი მეწარმეების შემდეგ, კანონმდებლები საპარლამენტო კომისიის ფორმატში ამჯერად სხვადასხვა პროდუქციის მომწოდებლებს მოუსმენენ. რიგით მეოთხე შეხვედრა მიმდინარე კვირას შედგება.
საპარლამენტო კომისია სამთავრობო გუნდთან შეთანხმებულად მუშაობს. მხარეები იმედოვნებენ, რომ კომპლექსური და კოორდინირებული ნაბიჯებით, რეალური შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნება. სამომხმარებლო ფასების შემცირება დროულს და აუცილებელს უწოდებენ მმართველ გუნდში. მიმდინარე პროცესთან მიმართებით კრიტიკული რჩება ოპოზიცია.
"გირჩი" ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ არ არის მთავრობის საქმე ზოგადად ბიზნესში ჩარევა, არც ცალკეული ბიზნესებისთვის პრივილეგიების მიცემა და ყოველთვის, როდესაც ასეთი რამე ხდება, საბოლოო ჯამში, ამის ფასს, გაძვირებულ ფასს იხდის მომხმარებელი, ანუ საქართველოს მოსახლეობა", - აცხადებს პარტია "გირჩის" წევრი ეკა ონიანი.