იმპორტიორები და დისტრიბუტორები - ადგილობრივი მეწარმეების შემდეგ, კანონმდებლები საპარლამენტო კომისიის ფორმატში ამჯერად სხვადასხვა პროდუქციის მომწოდებლებს მოუსმენენ.
რიგით მეოთხე შეხვედრა მიმდინარე კვირას შედგება. საპარლამენტო კომისია სამთავრობო გუნდთან შეთანხმებულად მუშაობს. მხარეები იმედოვნებენ, რომ, კომპლექსური და კოორდინირებული ნაბიჯებით, რეალური შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნება. მიმდინარე პროცესთან მიმართებით კრიტიკული რჩება ოპოზიცია. სამომხმარებლო ფასების შემცირება დროულს და აუცილებელს უწოდებენ მმართველ გუნდში.
"კომისია აქტიურად სწავლობს ფასწარმოქმნის პროცესს და როდესაც კომისია დაასრულებს მუშაობას, წარმოგვიდგეს დეტალურ ანალიზს და გადაჭრის გზებს. საბოლოო ჯამში, ხელისუფლების მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები ნაკარნახები იქნება - თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესები", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი თორნიკე ფაღავა.