ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს მმართველი გუნდი ესტონეთის საელჩოს პოზიციას, რომელმაც სოციალურ ქსელში ილიას უნივერსიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა. საელჩომ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ესტონეთის ელჩის, დროებითი რწმუნებულის და ილიას უნივერსიტეტის რექტორის ერთობლივი ფოტო, წარწერით "ჩვენ ვდგავართ ილიას უნივერსიტეტის გვერდით".
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ ნებისმიერ საელჩოს აქვს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს თავისუფლებას.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნებისმიერ საელჩოზე, მათ აქვთ ნამდვილად იმის შესაძლებლობა, რომ მხარი დაუჭირონ თავისუფლებასა და დემოკრატიას, საკმაოდ ბუნებრივია, რომ ისინი შეიძლება მხარდაჭერას უცხადებდნენ ილია უნის", - ამბობს ფავლენიშვილი.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს არის ქვეყნის სუვერენულ საქმეებში უხეში ჩარევის მორიგი მცდელობა. სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოს განათლების სისტემასთან ან კონკრეტული უნივერსიტეტის შიდა პროცესებთან, თუ არ იკვეთება პოლიტიკური ინტერესები.