პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედისა" და "POSTV-სთვის" სანქციების დაწესებას ეხმაურება. მახაშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული მედიები ორმაგი მოტივაციით გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.
"მე ვისურვებდი, რომ ამ მედიებს გაეგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა. ეს მცდელობაა, რომ დააშინონ, ჩაახშონ და შეუზღუდონ შესაძლებლობები. იმედია, რომ, პირიქით, ორმაგი მოტივაციით გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. იმედი მაქვს, რომ არათუ შეშინდებიან და შეეზღუდებათ შესაძლებლობა, არამედ, პირიქით, ორმაგი მოტივაციით გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - "იმედსა" და "POSTV-ს" სანქციები დაუწესა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. ბრიტანეთს მთავრობის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და "POSTV" რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებენ, რაც უკრაინის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს. სანქციების დაწესებას ტელეკომპანია "იმედი" განცხადებით გამოეხმაურა. ტექსტში ნათქვამია, რომ 2007 წელს ტელევიზიის მიტაცების დროს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. ამ ფონზე კი, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს.