თბილისის მერი, კახა კალაძე დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედისა" და "POSTV-სთვის" სანქციების დაწესებას ეხმაურება და არასამართლიან დამოკიდებულებას უწოდებს.
"ეს დამოკიდებულება, ზოგადად, ქვეყანასთან მიმართებით არ არის პირველი შემთხვევა, ეს არასამართლიანი დამოკიდებულებაა და კატეგორიულად მიუღებელია. შეგიძლიათ მითხრათ ეს დეზინფორმაცია, რომელიც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს? - მითხარით ერთი კონკრეტული მაგალითი, რა იყო გავრცელებული არასწორად, ან სიცრუეა ან ა.შ.
პირდაპირ საუბრობენ ყველაფერზე, რაც სამწუხაროდ დღეს ხდება უკრაინაში, რაც ხდება მსოფლიოში, როგორ წარიმართა ეს პროცესები და ა.შ. წლების წინ მახსოვს, როდესაც უცხოელი ბიუროკრატი რამეს სიტყვას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არ უნდა სისულელე ეთქვა, ეს იყო სრული ჭეშმარიტება. დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყნის შიგნითაც, მსოფლიოშიც. რაც გაჟღერდა "იმედთან" და "POSTV-სთან" დაკავშირებით, ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულება, რომ ჩავიდეთ და ვიკითხოთ ძირეულად, აბა რა არის პრობლემა, რატომ, არ არსებობს პასუხი, არ არსებობს არგუმენტები", - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - "იმედსა" და "POSTV-ს" სანქციები დაუწესა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. ბრიტანეთს მთავრობის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და "POSTV" რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებენ, რაც უკრაინის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს. სანქციების დაწესებას ტელეკომპანია "იმედი" განცხადებით გამოეხმაურა. ტექსტში ნათქვამია, რომ 2007 წელს ტელევიზიის მიტაცების დროს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. ამ ფონზე კი, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს.