"ჩემი ბებია", "ელისო", "მარილი სვანეთს", "ხანუმა", "ვინ არის დამნაშავე" და "სურამის ციხე" - ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 20-იანი წლების ქართული კინოს ავანგარდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფენომენს ქმნის და რომელსაც ხელოვნების მექად აღიარებულ და კინემატოგრაფიის სამშობლოდ წოდებულ საფრანგეთში ერთი თვის განმავლობაში აჩვენებენ.
რეტროსპექტივის ფარგლებში ქართული კინოს ავანგარდისადმი მიძღვნილი შეხვედრაც გაიმართა.
ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა 20-იანი წლების საქართველოში მხატვრულ ლიტერატურასა და ქართული კინოს საწყისებს შორის კავშირზე იმსჯელეს, მიმოიხილეს ავანგარდული ქართული კინოს ისტორიული კონტექსტი და ხაზი გაუსვეს მის გამორჩეულ ადგილს მსოფლიო კინოს ისტორიაში.
"ქართული უხმო კინო - ერის სარკე" - რეტროსპექტივა ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდის კინოთეატრში მუსიკალური აკომპანემენტით მიმდინარეობს.
20-მდე ფილმის ჩვენება "კარტ ბლანშის" პრინციპით ხორციელდება. სტატუსი ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდმა სპეციალურად საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრსა და ეროვნულ არქივს მიანიჭა.
ქართული უხმო კინოს ჩვენება პარიზში 3 მარტამდე გაგრძელდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი