"არის მცდელობა საქართველო ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, ცეცხლის რკალში, რომელიც უნდა მოუწყონ რუსეთს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთვება, მასთან ერთად არ იომებს არც ბრიტანეთი და არც ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყანა.
მისივე თქმით, თუ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სურთ ომში ჩარევა შეუძლიათ, ეს თავად გააკეთონ და ფრონტის ხაზზე თავიანთი სამხედროები გაუშვან.
"მგონი, გუშინ, სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს. იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, ოთხი წელია არ უთქვამთ. ფაქტობრივად, ამხილეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ მთელი ეს ოთხი წელი, მიზეზი, რატომაც ევროკავშირი გვებრძოდა, იყო ის, რომ არ დავყევით მათ მთავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან.
აბა რა არის თუ არა მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა, როდესაც საქართველოს ეუბნები, რომ უნდა დაუწესო სანქცია რუსეთს, ტურისტები არ შემოვუშვათ, როგორც ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, ვაჭრობა არ გვქონდეს რუსეთთან, ღვინო არ გაიტანოს ქართველმა გლეხმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ, არ ვიცი ეს თვითმფრინავები ციდან უნდა მოვხსნათ, თუ რა უნდა ვქნათ. ბენზინი თურმე არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმა რუსეთიდან, უნდა იყიდოს ძვირი ბრიტანული ბენზინი, ან სხვა ქვეყნის ბენზინი.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩართვას რუსეთთან ესკალაციაში, ეს ნიშნავს ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი, არც გერმანელი, არც ფრანგი და საერთოდ არავინ არ ჩამოვა ჩვენს გვერდით საომრად. შეგვატოვებენ მარტო, როგორც ყოველთვის გვიწევდა და შემოგვხედავენ გარედან.
ბოლო პერიოდია, ბრიტანეთის ელჩი კაბინეტიდან კაბინეტში დადის, მათ შორის, პარლამენტის წევრებთან და ითხოვს საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი თუ ბენზინი. იმისთვის, რომ ბიზნესს აუკრძალო რუსეთიდან ბენზინის შემოტანა, ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაუწესოს სანქცია რუსეთს. ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას, ანუ ომს.
როცა ბრიტანეთის ელჩს ეუბნებიან, რომ თუ დავასანქცირებთ რუსეთს, არ შემოიტანს ბიზნესი რუსეთიდან იაფ ბენზინს, მოუწევს ძვირი ბენზინის ყიდვა ბრიტანეთში ან სადმე, ჩვენი მოსახლეობისთვის გაძვირდება საწვავიც და ზოგადად ცხოვრებაც, გაძვირდება პური, გაძვირდება პროდუქტი. იცით რა არის ბრიტანეთის ელჩის პასუხი?! - არა უშავს, ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენთანაც ძვირი გადაიხადონ მოქალაქეებმაო. ასეთი ადამიანი ქართულ ენაზე გელაპარაკება და სიყვარულს ეფიცება [ერს], ფარისევლობას ხედავ ბრიტანეთის ელჩისგან, ეს არის მთავარი.
არის მცდელობა საქართველო ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, ცეცხლის რკალში, რომელიც უნდა მოუწყონ რუსეთს. თუ რამის თავი აქვთ, იციან სად არის ფრონტის ხაზი, ჩასვან თავის ჯარისკაცები, გაუშვან სანგრებში და იომონ. თუ არაფრის თავი აქვთ შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.