პასუხი ევროკავშირის ელჩს - "ქართული ოცნება" დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება არა სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულება, არამედ საკუთარი სახელმწიფოს გადარჩენაა. მისი თქმით, ბრიუსელიდან მომდინარე კრიტიკა ამ რეალობის იგნორირებაზე მიუთითებს.
"სამარცხვინო განცხადება ევროკავშირის ელჩის. ახლახან შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თუ პრემიერ-მინისტრმა თავად გამოაქვეყნა, რომ ევროკავშირმა რუსეთს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უფრო მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას. ახლა გამოდის ევროკავშირის ელჩი და ბედავს, რომ ქართველებს, რომლებსაც ჩვენი გამოწვევები გვაქვს, ცხვირაბზუებული გვეუბნება, რუსი ტურისტი არ შემოუშვა, დამშეული იყავი, ღვინო არ გაყიდო. ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს, რომ აქ გველაპარაკება ამ ტონით, თვითონ შეწყვიტონ რუსეთის დაფინანსება. გვერდით ეჯდა ელჩი ბალტიის ერთ-ერთი ქვეყნიდან, რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო გააქვს რუსეთში. ასეთი ფარისევლობაა დღეს ევროკავშირი. ბრიუსელი დღეს არის ღირებულებებისგან დაცლილი ბიუროკრატების თავყრილობა, რომელსაც ერთადერთი, რაც შეუძლია, არის სხვების დაზიანება. მათ არ აქვთ არანაირი უნარი, ძალა, შემოქმედებითი მიდგომა რაიმეს მიმართ. ერთადერთი, რასაც დღეს ბრიუსელი აკეთებს, არის ნგრევა. რაც მთავარია, ანგრევს სხვების და საკუთარი ხალხის ბედსაც. ამიტომაც არის, რომ ევროპელმა ხალხმა ხმა აიმაღლა ბრიუსელისა და მათი მარიონეტების წინააღმდეგ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირმა შეამცირა რუსეთთან ვაჭრობა, მაშინ, როდესაც საქართველომ გაზარდა. "რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ გადავწყვიტეთ შეგვეწყვიტა ყველა პირდაპირი ფრენა რუსეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ასევე, ვზღუდავთ რუსი მოქალაქეების ევროკავშირში შემოსვლის შესაძლებლობას. ამ ფონზე, საქართველო ფართოდ უხსნის კარს რუს ტურისტებსა და რუსულ ბიზნესს. ჩვენ, ევროკავშირმა, ჩვენი ეკონომიკებისთვის დიდი ფასის გადახდის სანაცვლოდ გადავწყვიტეთ შევამციროთ რუსეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობა ბოლო წლებში სწრაფად იზრდება," - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ.