03 აგვისტო 2026,   10:39
ვრცლად
შეიქმნება მექანიზმი, რომლითაც მოხდება ექსპლუატაციაში მიღებული შენობების ინსპექტირება - კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, კონკრეტულ შენობებში, მოხდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დემონტაჟი.

კახა კალაძის გადაწყვეტილებით, შეიქმნება შესაბამისი მექანიზმი, რომლითაც მოხდება ექსპლუატაციაში მიღებული შენობების ინსპექტირება, რათა თავიდან იქნას არიდებული მსგავსი შემთხვევები.

"ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აქტიურად ვებრძვით უკანონო მშენებლობებს, ვხვეწთ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და აღსრულების წესებს, ვითხოვთ სხვადასხვა კომპონენტის გათვალისწინებას, რათა მშენებლობის დასრულების შემდეგ მოქალაქეთა უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი.

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წელს, სხვა ცვლილებებთან ერთად, ამოქმედდა შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები. ამოქმედების დღიდან, თბილისის არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს სკურპულოზურად ამოწმებს წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობას უსაფრთხოების წესებთან, ადგენს ხარვეზებს, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების აქტიური სისტემების საჭიროების შესახებ და არ გასცემს ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხარვეზები არ სწორდება.

ნებართვის გაცემის შემდეგ ხორციელდება უშუალოდ მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დასრულებულ შენობა-ნაგებობას ექსპლუატაციაში იღებს იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა განხორციელებულია არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, მათ შორის, თუ მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოების აქტიური სისტემები და მათ გამართულ მუშაობაზე გამოცდის აქტები და დადებითი დასკვნებია წარმოდგენილი.

ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ატყობინებს შენობაში მყოფებს, დატოვონ შენობა, ასევე, ახდენს მის ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას, რაც მნიშვნელოვან დროს აძლევს სახანძრო-სამაშველო სამსახურს ცეცხლის ქრობისთვის.

მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მოხდა აღნიშნული სისტემების დემონტაჟი, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ და ვერ გახდება კომპრომისის საგანი.

მინდა, დავავალო არქიტექტურის სამსახურისა და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელებს, შეიქმნას მექანიზმი ექსპლუატაციაში მიღებული შენობების ინსპექტირების, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები. ასევე, მსგავსი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მოხდეს უმკაცრესი რეაგირება, მათ შორის, დადგეს კანონდამრღვევი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები