ცენზურად და ტელევიზიების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ მმართველ გუნდში დიდი ბრიტანეთის სანქციებს, რომელიც "იმედსა" და "პოსტ ტივის" დაუწესდა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას გულისხმობს. ამ თემაზე განცხადება გაავრცელა "ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომაც". პარტია ქვეყნის მიმართ ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს.
პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ ეს შანტაჟის მორიგი მცდელობაა.
"ეს არის ჰიბრიდული შეტევა და პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა საქართველოს ხელისუფლებაზე. ამ ეპიზოდში ვხედავთ, რომ ბრიტანეთის მთავრობა არის წინა ხაზზე მას შემდეგ, რაც მთლიანად დაკარგა ზეგავლენის ძალა ევრობიუროკრატიამ, შესაბამისად, "დიფ სთეითმა" და ოლიგარქიულმა ოჯახებმა წინა პლანზე წამოწიეს ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც სრულად მათი კარნახით მოქმედებს, საბედნიეროდ ამ ძალებს ხელისუფლებაში არ ყავთ აგენტურული ჯგუფები, თორემ ვნახავდით "იმედის" და "პოსტ ტივის" შენობებში სპეცდანიშნულების რაზმებს.
ცხადია, ამ სანქციებს და მორიგ შანტაჟის მცდელობას არ ექნება გავლენა და არც "პოსტ ტვ" და არც "იმედი" არ გადავა BBC-ის სტანდარტზე", - აცხადებს შაქარიშვილი.