კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თბილისის ილუზიების მუზეუმში მხატვარ დავით მაჭავარიანის მიერ შექმნილი "ვეფხისტყაოსნის" გრაფიკული ინტერპრეტაციის ციფრული ვერსია დაათვალიერა. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 თებერვლიდან, მუზეუმის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, "ვეფხისტყაოსანი" სრულიად ახალ, თანამედროვე ფორმატში აღმოაჩინონ. "ვეფხისტყაოსნის" გრაფიკული ნამუშევრის ციფრული ვერსია უკვე ითარგმნა და გამოიცა იტალიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში.
"მადლობა არაჩვეულებრივ მხატვარს და ამ შემთხვევაში ამ პროექტის ავტორს - დათო მაჭავარიანს, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" კიდევ ერთხელ გააცოცხლა. ნამდვილად ყველასთვის სანახავი პროექტია, ისევე როგორც "ვეფხისტყაოსანი" ყველა ქართველისთვის აუცილებელი და საჭირო, ღრმა შინაარსის ნაწარმოებია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნიდან საუკუნემდე დღემდე მოგვიტანეს", - აცხადებს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე.