მაშინ, როდესაც ოფიციალური ლონდონი ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ დემონსტრაციული ზომების მიღებით არის დაკავებული, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა ბრიტანული პოლიტიკის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. კვლევის მიხედვით, თავად ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსული ომის მანქანის დაფინანსების მთავარ არხებად რჩება.
გამოქვეყნებული მასალებით დგინდება, რომ რუსეთი ეკონომიკური შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას სწორედ ბრიტანული კომპანიების დახმარებით ახერხებს. საუბარია 29 000-ზე მეტ სავაჭრო ტრანზაქციაზე, რომელთა საერთო ღირებულება 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფინანსური ოპერაციები კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განხორციელდა. დოკუმენტში მოყვანილია ექსპერტების შეფასებაც, რომლებიც თვლიან, რომ ლონდონის საგარეო პოლიტიკური რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, თავად ბრიტანეთი თურმე აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკურად რუსეთთან და ამ ფონზე, თურმე რუსული ნარატივის გავრცელებისთვის დასანქცირდა "იმედი" და "პოსტტივი", რაც სიმართლის, ღირებულებების და ყველა იმ საბაზისო პრინციპების აღრევაა, რომელზეც წესით დასავლური სახელმწიფოები უნდა იდგნენ.
"თავად ბრიტანეთი თურმე აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკურად რუსეთთან. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიები დაახლოებით 8 მილიარდ ფუნტამდე სავაჭრო აქტივობას ახორციელებენ და ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ თურმე რუსული ნარატივის გავრცელებისთვის დასანქცირდა "იმედი" და "პოსტტივი". ამიტომ, სრული აღრევა არის ფაქტების, სიმართლის, ღირებულებების და ყველა იმ საბაზისო პრინციპების, რომელზეც წესით დასავლური სახელმწიფოები უნდა იდგნენ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.