27 ოქტომბერი 2026,   16:20
ვრცლად
უამრავი ფარისევლობა გვაქვს ნანახი დასავლეთის მხრიდან, როდესაც მნიშვნელოვან რესურსებზე ვაჭრობას არ წყვეტენ და ჩრდილოვანი ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული რუსეთთან - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალურ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთთან "ჩრდილოვანი ვაჭრობის" ფონზე არსებულ "სავაჭრო ფარისევლობაზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე პირნათელი ქვეყანაა, რომელიც დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საშუალებას არ აძლევს, მათ შორის, დასავლურ კომპანიებს.

"უამრავი ფარისევლობა გვაქვს ამ ომის განმავლობაში ნანახი დასავლეთის მხრიდან - როდესაც იმ საქონელზე და რესურსებზე ვაჭრობას არ წყვეტენ, რაც მათთვის მნიშვნელოვანია და, პარალელურად, ჩრდილოვანი ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული რუსეთთან - ეს ბოლო ფაქტიც, მათი ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ბალტიისპირა ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოზე შეტევით, ღვინის და სასმელების ყველაზე დიდი, ფარული ექსპორტიორები არიან რუსეთში. ამიტომ, ეს სავაჭრო ფარისევლობა ჩვენ კარგად ვიცით და ისიც კარგად ვიცით, რომ მონიტორინგმა დაამტკიცა, რომ საქართველო ყველაზე პირნათელი ქვეყანაა, ვინც დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საშუალებას არ აძლევს, მათ შორის, დასავლურ კომპანიებს. მოგეხსენებათ, როდესაც ომია და დამარცხების აღიარება არ სურთ, მაშინ ყველანაირ ასეთ მეთოდზე მიდიან," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. კვლევით დადგინდა, რომ დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე მოქმედმა კომპანიებმა, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 8 მილიარდი დოლარი ივაჭრეს. მასალებით დგინდება, რომ რუსეთმა გაიტანა ათასობით დასახელების საქონელი, რომელიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა, მათ შორის: ქვანახშირი, ფოლადი და ტყვია. საუბარია ძვირადღირებული იახტების ექსპორტზეც.

დღის ამბები