"დაბრუნებული საუნჯე" - ხელოვნების სასახლეში ისტორიული ექსპონატების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია ქვეყნიდან გატანილ იმ ნიმუშებს აერთიანებს, რომლებიც წლების შემდეგ ქართული მხარის ძალისხმევით დაბრუნდა.
ფერწერული ნამუშევრები იტალიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებშია შექმნილი. ისინი დასავლეთევროპული ხელოვნების გამორჩეულ ჟანრსა და პერიოდს ასახავს. ნიმუშები სხვადასხვა გალერეასა და კერძო კოლექციაში ინახებოდა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ნიმუშებს შორის არის ნაპოლეონ I-ის, ალექსანდრე დიუმას, იოაჰიმ მიურატისა და სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეებისა და ისტორიული ფიგურების ხელნაწერები.
გამოფენის გახსნას კულტურის მინისტრი ესწრებოდა. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში საქართველოდან გატანილი და უცხოეთში გაყიდული, ასევე საბჭოთა ეპოქაში გასხვისებული ნამუშევრები მუზეუმს 2025 წელს, სწორედ საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით, დაუბრუნდა.
ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი გამოფენას 18 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.
ავტორი: თიკო ლობჟანიძე.