საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე მუშაობას იწყებს დღეიდან პარლამენტი. სიახლე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და მათ თანმხლებ თარჯიმნებს ეხება და მასზე პირველი მოსმენით, რამდენიმე საათში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღებს. იცვლება თარჯიმნების რეგისტრაციის წესიც.
მმართველ გუნდში აქცენტს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე აკეთებენ. ცვლილებებთან მიმართებით კრიტიკულია ოპოზიცია.
პარტია "გირჩის" წევრის, ეკა ონიანის განცხადებით, ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსში შედის პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
"საარჩევნო კოდექსის პირობებში, ოპოზიციას რომ თანასწორი კონტროლი ჰქონდეს საარჩევნო პროცესზე, ამისთვის უდიდესი ძალისხმევა, რესურსები და მობილიზაცია სჭირდება.
მორიგი ცვლილებები, რომელიც ახლა უკვე შეზღუდავს ქართველ დამკვირვებლებს, რომ დააკვირდეს არჩევნებს, დიდ სურათში ბევრს აღარაფერს ცვლის, ისედაც საარჩევნო კოდექსი ძალიან არათანასწორია", - განაცხადა ეკა ონიანმა.