გიორგი გახარიას ნიკა გვარამია ახლა უკვე მხარდაჭერას უცხადებს. პარტია "ახალის" ლიდერი, რომელიც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო მკაცრად აკრიტიკებდა, დღეს ამბობს, რომ თუ კი გიორგი გახარიას ამავე საქმეზე დაიჭერენ, ის პოლიტ პატიმარი იქნება.
ნიკა გვარამიას ამ განცხადებისა და შეცვლილი პოზიციის გამო, ოპოზიციის ნაწილი აკრიტიკებს. "ნაციონალურ მოძრაობას" გახარიასთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასება აქვთ. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდშიც, სადაც იხსენებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, გახარიასთან დაკავშირებული გვარამიას განცხადება მისი პირადი აზრი და განწყობა არ არის, რადგან იმას ამბობს, რასაც შეუკვეთენ.
"ხომ არ გახსოვთ რას ეძახდა ის სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ეთერში? მე მრცხვენია და იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ. მერე, ცოტა ხანში, ლამის ლიდერად რომ წარმოგვიჩინა, ფანჩატურში რომ დასხდნენ და ათასგვარ რეზოლუციებს თუ ქარტიებს მოაწერეს ხელი და უკვე რომ კეთილშობილი გახდა ეს ქალბატონი, ესეც გემახსოვრებათ. ბოროტ მასხარას ეძახდა ტრამპს და ახლა ერთ ამბავში არიან და ტრამპის ხელისუფლებას გზავნილებს უკეთებენ. ხვალ თუ ამის დირექტივას მიიღებს "დიფ სთეითისგან", უარესი რაღაც შეიძლება დაუძახოს ტრამპს. ამიტომ, არ ჩავთვალოთ, რომ ეს მისი პირადი განწყობა და აზრებია. რასაც შეუკვეთავენ იმას ამბობს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პატიმარი. რა მოხდა, ამას საგამოძიებო კომისიის მასალებშიც ნაწილობრივ აღმოვაჩენთ. საგამოძიებო კომისიის მასალები პირდაპირ არ შეიძლება ბრალდებად გამოდგეს, რადგან საქართველოში ბრალდების წაყენების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს კონსტიტუციიდან გამომდინარე. ასე რომ, მისი ბრალეულობა გამოძიებითაც დადგინდა, როგორც პროკურატურა ამბობს და ახლა ბოლო სიტყვა სასამართლოზეა", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.