რა ვითარებაა ირანში სამხედრო ოპერაციების მესამე დღეს? - საერთაშორისო მედია თეირანიდან კადრებს ავრცელებს. ირანის წითელი ნახევარმთვარის ინფორმაციით, შტატები-ისრაელის იერიშების შედეგად, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა 131 ქალაქი, დაღუპულთა რაოდენობა კი 555-ია.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ირანში მეოთხე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ოპერაცია ეპიკური მრისხანების შესახებ შტატების ომის დეპარტამენტში ისაუბრეს. ამავდროულად, ირანი საპასუხო იერიშებს ახორციელებს. დუბაიში, აბუ-დაბიში, დოჰასა და ბაჰრეინში აფეთქებების ხმა დღესაც ისმოდა.
გარდა ამისა, განცხადება გაკეთდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მხრიდანაც, რომლის განცხადებით, ყველას მკაცრი პასუხისგება მოუწევს, ვინც ამერიკელების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
"ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, თუმცა პრეზიდენტ ტრამპის მეთაურობით, ჩვენ მას ვასრულებთ. თუ თქვენ დახოცავთ ამერიკელებს, თუ დაემუქრებით ამერიკელებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ჩვენ მოგძებნით ყოველგვარი ბოდიშისა და ყოყმანის გარეშე და გაგანადგურებთ. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის თანმიმდევრული იყო: ირანის მსგავს შეშლილ რეჟიმებს არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. ეს საღი აზრია. ბევრი ამბობს ამას, თუმცა მის აღსრულებას სიმამაცე სჭირდება - ჩვენს პრეზიდენტს კი ეს სიმამაცე შესწევს. ირანი ქმნიდა მძლავრ სამხედრო ძალას, როგორც "კონვენციურ ფარს," რათა ამით დაეფარა თავისი ბირთვული შანტაჟის ამბიციები. ჩვენი ბაზები, ჩვენი ხალხი, ჩვენი მოკავშირეები - ყველა მათ სამიზნეშია. ეს არ არის ე.წ. რეჟიმის ცვლილების ომი, მაგრამ რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა - ეს ერაყი არ არის, ეს დაუსრულებელი არ არის," - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.