განურჩევლად სტატუსისა და ჩადენილი დანაშაულისა, ნიკა გვარამიასთვის დღეს ყველა პოლიტიკური პატიმარია. მათ შორის, ისიც, ვისაც ახლო წარსულში თავად დამნაშავესა და მოღალატეს უწოდებდა - მაგალითად, გიორგი გახარიას. გვარამია ღიად ამბობს, რომ თუ ბრალდებულ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 20 ივნისის საქმეზე დააკავებენ, ის მისთვის არა საპროტესტო აქციის ძალადობრივი გზით დამრბევი, არამედ პოლიტპატიმარი იქნება.
გახარიას რომ გვარამიას დაცვა არ სჭირდება, ეს "ახლების" ლიდერს დღეს ბრალდებული ექსმაღალჩინოსნის პარტიიდან შეუთვალეს. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ექსპრემიერის წინააღმდეგ ახლა პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
ყოფილი "ნაციონალის" ნათქვამი ვერც მოქმედმა "ნაციონალებმა" გაიზიარეს. სააკაშვილის გუნდში ამბობენ, რომ გიორგი გახარია პოლიტპატიმარი ვერასდროს გახდება.
ნიკა გვარამიასგან შეცვლილი რიტორიკა და პოლიტიკური წარსულის დავიწყება მმართველ გუნდს არ უკვირს... არც იმ ადამიანების ქება, რომელსაც თვეების თუ წლების წინ, პირდაპირ დამნაშავედ აცხადებდა.
ასე იყო სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტრამპის შემთხვევაშიც... მმართველი გუნდის წევრები საგამოძიებო კომისიასა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასაც იხსენებენ, რომლის დავალებითაც ქართულ მხარეს 20 ივნისის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებაც დაევალა.
20 ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას, ბრალი უკვე წარდგენილი აქვს. მას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავება. 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, 250-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის სამართალდამცველები და ჟურნალისტები.
ავტორი: ნანა გოგატაძე