რა ეწერა პირველ პოლიტიკურ გაზეთში? "დროება" 160 წლის გახდა. პირველი ნომერი 1866 წლის 4 მარტს დაიბეჭდა
"ამ 1866 წლით ვიწყობთ ქართულის გაზეთის გამოცემასა. ჩვენს აზრში ეს წელიწადი დარჩება შესანიშნავს დროთ" - ამ სიტყვებით იწყება პირველი ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთის პირველი სტატია. 1866 წლის 4 მარტი ნამდვილად დარჩა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად. ზუსტად 160 წლის წინ დაიბეჭდა “დროება”- გაზეთი, რომელმაც ქართველ ხალხს დრო მისცა - დრო მისცა ფიქრის და ლაპარაკის - პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, განათლებაზე, ეროვნულ საკითხებზე.
იმ დროისთვის ქართულ ენაზე რეგულარული საზოგადოებრივი გაზეთის არსებობა ახალი ეტაპი იყო, რადგან საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების სისტემური განხილვა იწყებოდა. გაზეთის შექმნას წინ უძღოდა ოფიციალური ნებართვის პროცესი.
ნებართვა "დროების" გამოცემის შესახებ. კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის წერილი კავკასიის ცენზურის კომიტეტს. 1865 წლის 30 დეკემბერი.
ეს არის 1865 წლის 30 დეკემბრის წერილი კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიიდან ცენზურის კომიტეტს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გიორგი წერეთელსა და გამომცემელს ქართულ ენაზე გაზეთის გამოცემის უფლება ეძლეოდათ, თუმცა მკაფიო შეზღუდვით - მიმდინარე პოლიტიკური ამბები მხოლოდ ოფიციალური რუსული გამოცემებიდან უნდა გამოქვეყნებულიყო.
1866-1885 წლებში მისი რედაქტორები იყვნენ გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი, კირილე ლორთქიფანიძე, ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი. ეს სახელები პირდაპირ უკავშირდება იმ პერიოდის საზოგადოებრივ ცხოვრებას. ამიტომ "დროება" არ იყო მხოლოდ საინფორმაციო ფურცელი - იგი იქცა სივრცედ, სადაც იბეჭდებოდა ანალიზი, საზოგადოებრივი წერილები და ლიტერატურული ტექსტები.
"დროების" პირველი ნომერი, რომელიც 1866 წლის 4 მარტს გამოიცა.
სწორედ ამ გამოცემით იწყება ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაზეთის ისტორია. "დროებამ" ქართულ ენაზე დაიწყო რეგულარული საჯარო საუბარი საზოგადოების, განათლების, ეკონომიკისა და კულტურის საკითხებზე. იმ დროისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართული პრესის განვითარებაში. თუმცა, გაზეთის საქმიანობა მუდმივად ცენზურის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა.
ეს არის აკაკი წერეთლის ლექსის "ზარის" ხელნაწერი ფრაგმენტი. ეს ტექსტი "დროებისთვის" იყო მომზადებული, თუმცა ცენზურამ 1882 წელს ნომრიდან ამოიღო. საინტერესოა, რომ ლექსი წარდგენილი იყო როგორც "ხოჯახნობის დროს გამოთქმული სახალხო ლექსი," თუმცა მისი გამოქვეყნება მაინც არ დაუშვეს. მიუხედავად აკრძალვისა, "ზარი" იმავე წელს სხვა ქართულ გაზეთში დაიბეჭდა.
"დროების" ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი სერგეი მესხს უჭირავს. იგი გაზეთის ერთ-ერთი მთავარი რედაქტორი იყო, თუმცა მისი როლი მხოლოდ სარედაქციო საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა. გამოცემას ხშირად ფინანსური სირთულეები ჰქონდა - მცირე ტირაჟი და შეზღუდული შემოსავალი. ასეთ პირობებში გაზეთის ბეჭდვა რამდენჯერმე საფრთხის წინაშეც დადგა. სწორედ ამ პერიოდში სერგეი მესხმა "დროების" შენარჩუნება საკუთარ თავზე აიღო: იგი საკუთარი სახსრებით აფინანსებდა გამოცემას და საჭიროების შემთხვევაში ვალსაც იღებდა, რათა გაზეთი გამოსულიყო. ამგვარად, იგი ფაქტობრივად რედაქტორთან ერთად გამომცემლის ფუნქციასაც ასრულებდა და მნიშვნელოვან წვლილს დებდა იმაში, რომ "დროება" წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო.
"დროება" თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში გამოდიოდა და 1885 წლის 16 სექტემბერს ცენზურის გადაწყვეტილებით საბოლოოდ დაიხურა. მიუხედავად ამისა, გაზეთმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. გაზეთ "დროებასთან" დაკავშირებული მასალები საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება.