საპარლამენტო დელეგაციის ვიზი შეერთებულ შტატებში, - პოზიტიური გზავნილები და იმედი, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთება. დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა.
მისი თქმით, ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან, ბრენდან ჰან- რაჰანთან საუბარი შეეხებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებს, შუა დერეფანსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შედგება შეხვედრები კონგრესში, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურ გაზაფხულს ვერ მოიყვანს.
"ნახევრად ხუმრობით, რომ ვთქვათ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურ გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ეს სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ ცალკეული ვიზიტები ამ ურთიერთობებს ვერ აღადგენს, "ქართულ ოცნებასა" და თეთრი სახლის ადმინისტრაციას შორის, რაღაც კონკრეტული ვიზიტი ამ ურთიერთობებს ვერ აღადგენს რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გააფუჭა,"- აცხადებს კაპანაძე.