"ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილის ერთობას მმართველი გუნდი. გაერთიანებაში მყოფი 9 პარტიიდან 7-ის ლიდერი წინა ხელისუფლების თანამდებობის პირი იყო. რაც შეეხება თავისუფლების მოედანს და მის ლიდერს ლევან ცუცქირიძეს - მან 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს არჩევნების ეგზიტპოლი გაუკეთა და "ქართული ოცნების" განცხადებით, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციაში დაეხმარა.
საუბარია 2008 წლის არჩევნებისთვის შექმნილ ინსტიტუციურ კოალიციაზე, რომელმაც ერთობლივად ჩაატარა ე.წ. ეროვნული ეგზიტპოლი.
ამ კოალიციაში შედიოდა ოთხი ორგანიზაცია: GIPA, ილიაუნი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი და რონდელის ფონდი. ლევან ცუცქირიძე, როგორც GIPA-ს რექტორი, ამ ეგზიტპოლის პროცესში ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენების ერთობა. ლევან ცუცქირიძე იქნება, მელია, ვაშაძე თუ სხვა სახელები და გვარები, არ შეიძლება საზოგადოების მოტყუება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ძალები, რომლებიც თითქოს შეფარვით ფასადურად ცალ-ცალკე მოქმედებენ, არიან რეალურად ერთი პოლიტიკური ძალის სახელები და გვარები, და აქ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია“, - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია.
ავტორი: ნანა გოგატაძე