"ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილის ერთობას მმართველი გუნდი. გაერთიანებაში მყოფი 9 პარტიიდან 7-ის ლიდერი წინა ხელისუფლების თანამდებობის პირი იყო. რაც შეეხება თავისუფლების მოედანს და მის ლიდერს ლევან ცუცქირიძეს - მან 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს არჩევნების ეგზიტპოლი გაუკეთა და "ქართული ოცნების" განცხადებით, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციაში დაეხმარა.
საუბარია 2008 წლის არჩევნებისთვის შექმნილ ინსტიტუციურ კოალიციაზე, რომელმაც ერთობლივად ჩაატარა ე.წ. ეროვნული ეგზიტპოლი. ამ კოალიციაში შედიოდა ოთხი ორგანიზაცია: GIPA, ილიაუნი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი და რონდელის ფონდი. ლევან ცუცქირიძე, როგორც GIPA-ს რექტორი, ამ ეგზიტპოლის პროცესში ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო.
“სინამდვილეში ცუცქირიძე ძველი საკმაოდ ძველი და კარგად გამოწრთობილი მიშისტია. 2007 წელს სააკაშვილმა, როდესაც ძალიან უჭირდა, როდესაც ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციაც ძალიან ანჯღრევდა მის ძალაუფლებას, შექმნა სპეციალური საპრეზიდენტო კომისია, რომელსაც უნდა დაეკომპლექტებინა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია, რეალურად კი გაყალბების ბიურო, რომლის სათავეში ცუცქირიძეს და ნოდიას მეშვეობით ჩააყენეს ლევან თარხნიშვილი და გახსოვთ თქვენ, მაშინ არჩევნები იქნა გაყალბებული. ამის შემდეგ შეიკრიბა ე.წ. ეგზიტპოლის, ანუ არჩევნების გაყალბებისთვის ნიადაგის მოსამზადებელი სპეციალური რაზმი სოროსელებისგან. ეს იყო „ჯიპა“, რომლის რექტორი იყო ცუცქირიძე, ეს იყო „კავკასიის ინსტიტუტი“, „რონდელის ფონდი“. ამ ეგზიტპოლების ჯგუფმა წინსწრებით გააყალბა საზოგადოებრივი აზრი, ჯერ ხმები დათვლილი არ იყო და გამოაცხადა, რომ არჩევნებში იგებს მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანების “ქართული დასი“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია.
ავტორი: ნანა გოგატაძე