"ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილის ერთობას მმართველი გუნდი. გაერთიანებაში მყოფი 9 პარტიიდან 7-ის ლიდერი წინა ხელისუფლების თანამდებობის პირი იყო. რაც შეეხება თავისუფლების მოედანს და მის ლიდერს ლევან ცუცქირიძეს - მან 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს არჩევნების ეგზიტპოლი გაუკეთა და "ქართული ოცნების" განცხადებით, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციაში დაეხმარა.
საუბარია 2008 წლის არჩევნებისთვის შექმნილ ინსტიტუციურ კოალიციაზე, რომელმაც ერთობლივად ჩაატარა ე.წ. ეროვნული ეგზიტპოლი. ამ კოალიციაში შედიოდა ოთხი ორგანიზაცია: GIPA, ილიაუნი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი და რონდელის ფონდი. ლევან ცუცქირიძე, როგორც GIPA-ს რექტორი, ამ ეგზიტპოლის პროცესში ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო.
"ნაციონალურ მოძრაობაში" "ქართულ ოცნებაში" მყოფ პირებზე საუბრობენ, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულები.
„ეს ნაბიჯები, რომლებიც გადადგა 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა გაერთიანებისაკენ, არის არა ერთი პარტიის გაერთიანება, არამედ 9 პოლიტიკური პარტიის და სუბიექტის გაერთიანება, რაც ეხება იმას იყო თუ არა რომელიმე კონკრეტული პირი დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან, მე საზოგადოებას და ხალხს შევახსენებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი პირი არის დღეს, მათ შორის პირველი პირი, ვინც დაკავშირებული იყო წინა ხელისუფლებასთან“, - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კაპანაძე.