16 ოქტომბერი 2026,   23:08
ვრცლად
ეს იყო "ნაცების" პოლიტიკა, მათ უნდა ჰყოლოდათ ადამიანები, არა პარტიის წევრები, პარტიაში არანაირი თანამდებობა რომ არ აქვთ ისეთი, ხშირად ესენი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში და იყვნენ მონა-მორჩილი "ნაცების" ნებისა - პეტრე მამრაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილის ერთობას მმართველი გუნდი. გაერთიანებაში მყოფი 9 პარტიიდან 7-ის ლიდერი წინა ხელისუფლების თანამდებობის პირი იყო. რაც შეეხება თავისუფლების მოედანს და მის ლიდერს ლევან ცუცქირიძეს - მან 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს არჩევნების ეგზიტპოლი გაუკეთა და "ქართული ოცნების" განცხადებით, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციაში დაეხმარა. 

საუბარია 2008 წლის არჩევნებისთვის შექმნილ ინსტიტუციურ კოალიციაზე, რომელმაც ერთობლივად ჩაატარა ე.წ. ეროვნული ეგზიტპოლი. ამ კოალიციაში შედიოდა ოთხი ორგანიზაცია: GIPA, ილიაუნი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი და რონდელის ფონდი. ლევან ცუცქირიძე, როგორც GIPA-ს რექტორი, ამ ეგზიტპოლის პროცესში ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი პეტრე მამრაძე იხსენებს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქმედ პოლიტიკას. მისი განცხადებით, ენმ-ს მმართველობისას მათი დაქვემდებარების ქვეშ ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც პარტიაში არ იმყოფებოდნენ და ხშირად ეს ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.

„ეს იყო „ნაცების“ პოლიტიკა, მათ უნდა ჰყოლოდათ ადამიანები, არა პარტიის წევრები, პარტიაში არანაირი თანამდებობა რომ არ აქვთ ისეთი, ხშირად ესენი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში და იყვნენ მონა-მორჩილი „ნაცების“ ნებისა. ცუცქირიძე გამოირჩეოდა იმით, რომ სრულიად უპრინციპო ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებდა, ეგზიტპოლი იქნებოდა ეს თუ სხვა. ეგზიტპოლები იყო გაყალბებული. ჯერ შეარჩევდნენ ადამიანს, თარხნიშვილი შეარჩიეს. ამის შემდეგ იწყება იმიტაცია იმისა, რომ შესაბამისი სტრუქტურები გროვდებიან, ყველაფერს აკეთებენ კანონის შესაბამისად, ჩართულია არასამთავრობო სექტორი, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია, აკადემიური სექტორებიდან ჩართულები არიან ადამიანები, თემურ იაკობაშვილი - რონდელის არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი იყო მაშინ, გია ნოდია - პროფესორი და ა.შ. მაგრამ, ყველამ იცის, გადაწყვეტილება მიღებულია - თარხნიშვილი იქნება“, - აცხადებს პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი პეტრე მამრაძე. 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები