"მწამს, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს!" - ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი არჩევნებს წააგებს და კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები ნორმალიზდება.
ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ მედიას მისცა. თქვა, რომ ორბანთან კონტაქტი არ აქვს და სჯერა, რომ 12 აპრილს დაგეგმილ არჩევნებში დამარცხდება. "ქართულ ოცნებას" მიუღებლად მიაჩნია უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებები უნგრეთთან დაკავშირებით კი ამის ნათელი მაგალითია.
საკითხს გამოეხმაურა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. გიორგი გაბუნიას განცხადებით, უკრაინაში ვითარება იმდენად მძიმეა, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტის ვერ უნდა ახერხებდეს უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.
"უკრაინა, 40 მილიონიანი ქვეყანა, დანგრეულია, გავერანებულია, არ გააჩნია ეკონომიკა, არ გააჩნია ინფრასტრუქტურა და მთლიანად არის დამოკიდებული დასავლურ დახმარებაზე, როგორც შეიარაღების, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. ამ ქვეყნის ლიდერი იცლის იმისთვის, რომ უნგრეთის თუ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადებები აკეთოს.
ეს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა შორს არის და როგორ არაადეკვატურად აფასებს უკრაინის ხელმძღვანელი და მისი პოლიტიკური გუნდი, მის ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.
ამიტომ, მიუღებელია უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევა. ბატონი ზელენსკი ნათელი მაგალითია ამ მიმართულებით, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ განცხადებებს აკეთებს ის უნგრეთთან დაკავშირებით. მას და მისი გუნდის წევრებსაც ჰქონდათ მცდელობები, წლების განმავლობაში, საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით ეკეთებინა მკვეთრი, მიუღებელი განცხადებები. ჩვენ ეს განცხადებები კარგად გვახსოვს", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.