პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მათი "ნაციონალურ მოძრაობასთან" "მიწებება" უნდა, რადგან იცის, რომ მათ პარტიას "ქართული ოცნების" ამომრჩევლების გადაბირება შეუძლია.
შარაშიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" ეს აღელვებს.
"გინდათ ჩვენი მიწებება "ნაციონალური მოძრაობისთვის", რადგან იცით, მთავარი ოპონენტი, ვინც შეიძლება თქვენივე ამომრჩეველი, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებების და ძალადობის გამო, გადმოიბიროს და დაარწმუნოს, რომ თქვენთვის ხმის მიცემა აღარ შეიძლება, რადგან ეს აღარ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პარტია და ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ეს გაღელვებთ თქვენ. ეროვნულ იდენტობაზე საუბრობთ და იძახით, რომ უკან დამხევები არ ხართ. რის წინაშე არ ხართ უკან დამხევები? გიორგი ანწუხელიძის გმირობა გააუფასურეთ და მისმა მეუღლემ გაგცათ ყველაზე სწორი პასუხი, რომ გიორგი ანწუხელიძე ვინმეს პიარს კი არ შეეწირა, საკუთარი სამშობლოს სიყვარულს შეეწირა", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.