30 ოქტომბერი 2026,   04:12
ვრცლად
ხამენეის შემდეგ მისი შვილი? - ირანში ძალაუფლების დინასტიური გადაცემა იწყება?

ძალაუფლების გადაცემის პროცესი, როგორც ჩანს, უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი ალი ხამენეი ჯერ არც დაუკრძალავთ, ირანული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, სასულიერო პირთა "ექსპერტთა ასამბლეამ" ალი ხამენეის შესაძლო მემკვიდრედ მისი შვილი, მოჯთაბა ხამენეი - უკვე აირჩია. 

თეირანს ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია. თუმცა ირანული ოპოზიციური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "ექსპერტთა ასამბლეამ" მოჯთაბა ხამენეი 3 მარტს აირჩია.

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი არ ყოფილა და სასულიერო პირებზე ზეწოლა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" მოახდინა.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ირანი პირველად აღმოჩნდება რეალობის წინაშე, როდესაც ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი ძალაუფლება მამიდან შვილზე გადადის.

ვინ არის მოჯთაბა ხამენეი? 

მოჯთაბა ხამენეი ჩრდილოვანი ფიგურაა, რომელიც უკვე წლებია  ირანის პოლიტიკურ წრეებში გავლენიან ფიგურად მიიჩნევა.

Open photo

საჯარო პოლიტიკაში იშვიათად ჩნდებოდა. მას არასდროს ჰქონია ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა. ამის წინააღმდეგი თავად მამამისი - ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი იყო, რომელიც დინასტიური მმართველობის წინააღმდეგ გამოდიოდა.

ანალიტიკოსები მოჯთაბას რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ არქიტექტორად მიიჩნევენ. მისი ძალაუფლების მთავარი საყრდენი "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსია".

ეს კავშირები, ექსპერტების განმარტებით, ჯერ კიდევ ირან-ერაყის ომის დროს ჩამოყალიბდა. მოჯთაბა ხამენეი "ჰაბიბის ბატალიონში" მსახურობდა. მისი მაშინდელი თანამებრძოლები დღეს ირანის უსაფრთხოებისა და დაზვერვის მაღალჩინოსნები არიან. ამიტომ, მას შესაძლოა სამხედრო ელიტის მხარდაჭერა ჰქონდეს, თუმცა ხელისუფლების გასამყარებლად სასულიერო წრეების მხარდაჭერაც სჭირდება.

მოჯთაბა საშუალო რანგის სასულიერო პირია. ის თეოლოგიას ყუმის სემინარიაში ასწავლიდა. მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი რელიგიური ავტორიტეტი არ არის ისეთი მაღალი პოსტისთვის, როგორიც ქვეყნის უმაღლესი სულიერი ლიდერია. 

 Open photo

ირანის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის უზენაესი ლიდერი მაღალი რანგის სასულიერო პირი - აიათოლა - უნდა იყოს. მოჯთაბას ეს წოდება არ აქვს. 

შეუშლის თუ არა ეს მას ხელს პოზიციის დაკავებაში? სავარაუდოდ - არა.

ირანი დინასტიური მმართველობისკენ მიდის?

ირანის სისტემა ფორმალურად მონარქიული არ არის.

1979 წლის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლება რელიგიურ-პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრინციპზეა აგებული და არა სისხლით მემკვიდრეობაზე.

სწორედ ამიტომ, მამის შემდეგ შვილის მოსვლა უზენაესი ლიდერის პოსტზე ნიშნავს, რომ ირანი დე-ფაქტო დინასტიურ მოდელს უახლოვდება, რაც წინააღმდეგობაში მოდის ისლამური რესპუბლიკის იდეოლოგიურ საფუძვლებთან.

აიათოლა ალი ხამენეის ირანში დინასტიური მმართველობის ჩამოყალიბება არ სურდა.

  Open photo

ძალაუფლების გადაცემა მამიდან შვილზე, 1979 წლის რევოლუციის იდეალების ღალატადაც შეიძლება შეფასდეს.

მართალია, ალი ხამენეის ოფიციალური ანდერძი არ დაუტოვებია და არც კონკრეტული მემკვიდრე დაუსახელებია, თუმცა ცნობილია კრიტერიუმები, რომლებიც მან მომავალ ლიდერს დაუწესა.

მისი თქმით, მომავალი ლიდერი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, ამერიკის წინააღმდეგ მებრძოლი, სამართლიანი და მამაცი.

მიუხედავად იმისა, რომ მოჯთაბა ხამენეი ამ აღწერაში საკმაოდ კარგად ჯდება, აიათოლა მის კანდიდატურას საკუთარ შემცვლელად საჯაროდ არასოდეს განიხილავდა.

როგორ აირჩიეს ახალი ლიდერი?

ვირტუალურად - სამშაბათს, 3 მარტს. 

ვირტუალურად იმიტომ, რომ ფიზიკურად, ის შენობა, რომელშიც მის ასარჩევად "ექსპერტთა ასამბლეა" უნდა შეკრებილიყო, ისრაელმა დაბომბა. სააგენტო Fars News-ის ინფორმაციით, შენობა იმ დროს ცარიელი იყო.

Open photo

The New York Times-ის ინფორმაციით, "ექსპერტთა ასამბლეის" წევრებმა ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ორი ვირტუალური შეხვედრა გამართეს - ერთი დილით და მეორე საღამოს.

მისი უზენაეს ლიდერად გამოცხადება 4 მარტს დილით იგეგმებოდა. თუმცა მოგვიანებით გაჩნდა შიში, რომ ისიც შესაძლოა ამერიკისა და ისრაელის სამიზნედ ქცეულიყო, რის გამოც ოფიციალური გამოცხადება გადაიდო.

ამერიკას ვინ (არ) უნდა?

ირანში ძალაუფლების შესაძლო ცვლილებაზე საუბარი ვაშინგტონშიც მიმდინარეობს, უკვე ხმამაღლა და გარკვევით. 

დონალდ ტრამპი კანდიდატებს არ ასახელებს, თუმცა ჟურნალისტებმა პირდაპირ ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი ირანის ყოფილი შაჰის მემკვიდრეს - რეზა ფეჰლევს - როგორც ერთ-ერთ კანდიდატურას.

ტრამპმა აღნიშნა, რომ რეზა ფეჰლევი "შესაძლო ვარიანტად" შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა მისი აზრით, უფრო რეალისტური იქნება ისეთი ფიგურის გამოჩენა, რომელსაც უკვე აქვს მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით.

 Open photo

რეზა ფეჰლევი, მოჯთაბა ხამენეი თუ ვინმე სხვა - ვინ იქნება ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი, ჯერ უცნობია. თუმცა აშკარაა, რომ სწორედ ეს არჩევანი განსაზღვრავს არა მხოლოდ ქვეყნის მომავალს, არამედ იმასაც თუ რა მიმართულებით განვითარდება მისი ურთიერთობა დანარჩენ სამყაროსთან.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია

 

 

დღის ამბები