ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი განაგრძობენ ირანის დაბომბვას. ირანული მედიის ცნობით, ბოლო ერთი საათის განმავლობაში, თეირანში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
Financial Times ისრაელის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი, აშშ-თან ერთად, ირანის წინააღმდეგ მრავალკვირიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. ოპერაციის მიზანი ირანის თეოკრატიული სახელმწიფოსა და "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" საკვანძო სტრუქტურების სრული დემონტაჟია.
პარალელურად, გაეროს დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც ირანში ადამიანის უფლებების დარღვევებს იძიებს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომი დაგმო. კომისიის განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები, რასაც ირანის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა, ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას.
როგორც მედია წერს, სპარსეთის ყურეში ახალი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ისრაელისა და აშშ-ის სარაკეტო იერიშები მიმართული იყო ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის, უშუალოდ ქალაქებში მდებარე სამიზნეებზე. დაბომბვების შედეგად დაიღუპა რესპუბლიკის ხელისუფლებისა და სამხედრო სარდლობის 40 წარმომადგენელი. მშვიდობიან მოსახლეობაში დარტყმებს, ბოლო მონაცემებით, ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში გათიშულია ინტერნეტი, რაც ინფორმაციის გავრცელებას ართულებს.
მორიგი იერიში მიიტანა ისრაელმა ლიბანში "ჰეზბოლას" ობიექტებზე. განადგურებულია უპილოტო საფრენი აპარატებისა და დრონების საწარმოო ობიექტი.
ლიბანის დედაქალაქში ღამით ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა, მედიის მონაცემებით დარტყმების სერიას მსხვერპლი მოჰყვა.
"ფოქს ნიუსი" ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ათასობით ერაყელმა ქურთმა მებრძოლმა ირანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
CNN-მა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ქურთული ფორმირებების შეიარაღების საკითხზე მუშაობდა. თუმცა, თეთრი სახლი უარყოფს ცნობას, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანში აჯანყების მოსაწყობად ქურთული ძალების აღჭურვის გადაწყვეტილება მიიღო.