ზამთრის პარალიმპიადის გარშემო მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. რამდენიმე ონლაინმედიამ გუშინ დაწერა, რომ საქართველო არ შეუერთდა 11 ქვეყნის ბოიკოტს და პარალიმპიადაზე მონაწილეობს.
რატი იონათამიშვილის თქმით, 56 მონაწილე ქვეყნიდან ბოიკოტს მხოლოდ 11 სახელმწიფო შეუერთდა. შეჯიბრებაში მონაწილეობს ამერიკა, საფრანგეთი, შვედეთი, იტალია, ნორვეგია, შვეიცარია, ესპანეთი, ისლანდია, ბელგია, პორტუგალია, ავსტრია და კიდევ 34 ქვეყანა. მისივე თქმით, სპორტსმენების ბულინგის ნაცვლად, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ქართველი პარაათლეტების გარშემო.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ სახელმწიფოს პოზიციაზე თუ არის საუბარი, სახელმწიფომ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვას.
"როდესაც სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობაზე არის საუბარი, ეს გადაწყვეტილებები სპორტსმენებმა უნდა მიიღონ და მეორე - თუ არის საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფოს რა პოზიცია უნდა ჰქონდეს, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესი და არ უნდა შევიდეს იმ თამაშში, სადაც ოკუპანტი განაგებს ყველა ამ წესს და თამაშის საშეჯიბრო მიმართულებას ხელმძღვანელობს", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.