ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მმართველი გუნდი ქვეყნის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიაზე საუბრობს.
"საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება" - ამ შინაარსის კვლევა ამჯერად "ჰადსონის" ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
კვლევის ავტორები არიან "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერი ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი. კანდელაკი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერია, მანამდე იყო "ნაციონალური მოძრაობის", შემდეგ კი "ევროპული საქართველოს" წევრი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" იციან, რომ ვერასოდეს მიაღწევენ გამარჯვებას არჩევნებში და ახლა ჩამოკიდებულები არიან უცხო ძალაზე, მათ შორის, უცხო ძალის ბომბებზე.
"კანდელაკი იქნება ეს თუ გადაკეთებული ყოფილი "ნაცი", ჯამში ეს ყველა ერთია, ამათი ფორმულა ასეთია, რომ რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი "ნაცმოძრაობისთვის". მათთვის, უარესი, რა თქმა უნდა, ომიც არის, ბომბების ჩამოცვენაც არის. ოღონდ რომელიმე ქვეყანამ მოინდომოს საქართველოსკენ ბომბების ჩამოგდება, ჯარების გამოგზავნა, სანქციების დაწესება და ყველაფერი უბედურება საქართველოს წინააღმდეგ მოხდეს - ამ ყველაფერს ემსახურება ეს, რადგან თვითონ არიან წაგებულები თავიანთივე ამომრჩეველთან და იციან, რომ ვერასოდეს ვერ მიაღწევენ გამარჯვებას არჩევნებში და ახლა არიან ჩამოკიდებულები უცხო ძალაზე, მათ შორის, უცხო ძალის ბომბებზე", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.