საქართველოს სპორტის სამინისტრომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მეშვეობით საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებული საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის საფეხბურთო ინვენტარის გადაცემა დაასრულა. საფეხბურთო აღჭურვილობა გადაეცა 106 საფეხბურთო სკოლასა და აკადემიას. ხაშურის კომპლექსურ სასპორტო სკოლა "ივერიისა" და გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბ "გორისთვის" ინვენტარის გადაცემის პროცესს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ესწრებოდნენ.
საქართველოში მოქმედ საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებს ინვენტარი ეტაპობრივად გადაეცათ. პროექტის ფარგლებში 20 სახეობის საფეხბურთო ინვენტარის შესაძენად მილიონ ლარამდე გამოიყო. ამ ეტაპზე საქართველოში 106 საფეხბურთო სკოლაა, რომელთაც კატეგორია აქვს მინიჭებული და რომლებიც 30 000 ბავშვს აერთიანებს.
ინვენტარის გადაცემის გარდა, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ფონდი ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებულ საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებსაც აფინანსებს.
საქართველოს სპორტის სამინისტრო გეგმავს, 2026 წლის ბოლომდე სპორტული ინვენტარი მიიღოს ისეთმა საფეხბურთო სკოლებმა და აკადემიებმაც, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის მიერ არ არის აკრედიტებული.