შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. გუშინ ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში, ომის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა. მანამდე, დელეგაცია თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში მართავდა შეხვედრებს.
ბოლო ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა, სუვერენულ ერთა სამიტია. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანელზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციის ხელმძღვანელმა თემატურ საკითხებთან ერთად აქცენტი მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა და საქართველოს მიერ არჩეულ იმ სტრატეგიაზე ისაუბრა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს, ღირებულებებს და მშვიდობის პოლიტიკას აძლიერებს.
მმართველი პარტიის წევრებისთვის ამერიკაში ვიზიტი "დროულია". საპარლამენტო უმრავლესობის და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების განცხადებით, სენატის და კონგრესის, ასევე ტრამპის ადმინისტრაციის სხვადასხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები მილანში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის კომუნიკაციის გაგრძელებაა.
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ვიზიტის შემდეგ მმართველ პარტიას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით კონსულტაციები ექნება.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ჭეიშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შტატების პოზიურ და კონსტრუქციულ განწყობას ასახავს.
"საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიკა სამხარაძე დელეგაციასთან ერთად იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ რა პოზიტიური შეხვედრები და გზავნილებია, ნათელია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც, მათ შორის, რომ აქვთ მზაობა ჩვენთან ურთიერთობის განახლების, ერთგვარი გადატვირთვის. ყოველ შემთხვევაში, მე ამას ვხედავ. ეს ჩვენი დელეგაციის განცხადებებშიც ჩანს, ჩვენი კოლეგების, სადაც ჩვენ შეხვედრები გვქონდა და ვნახოთ, დაველოდოთ პროცესებს. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან," - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.