27 ოქტომბერი 2026,   05:47
ვრცლად
"ჩვენი მოქალაქეები თვალყურს ადევნებენ, რაოდენ პოზიტიური სიგნალები მოდის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან" - ლევან მაჭავარიანი

შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. ვიზიტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ოპტიმისტური განწყობაა, რომ რეალური პარტნიორობა და რეალური მეგობრობა რომ დაიწყოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

"ჩვენი მოქალაქეები თვალყურს ადევნებენ, თუ რაოდენ პოზიტიური სიგნალები მოდის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის შენარჩუნების საშუალებას, რომ ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები გადაიტვირთება. გადატვირთვასაც არ ვეძახით, ჩვენ ვეძახით პირდაპირ, რომ რეალური პარტნიორობა და რეალური მეგობრობა რომ დაიწყოს ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბურთი არის მათ მოედანზე, მათ იციან ჩვენი სრული მზადყოფნა, იმასთან დაკავშირებით, რომ დავსხდეთ და გზამკვლევი გავწეროთ, დროსა და სივრცეში, თუ რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების უკვე ოფიციალურ დონეზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. გუშინ ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში, ომის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა. მანამდე, დელეგაცია თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში მართავდა შეხვედრებს. ბოლო ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა, სუვერენულ ერთა სამიტია. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანელზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ სამხარაძე.

 

 

 

დღის ამბები