27 ოქტომბერი 2026,   06:10
ვრცლად
პასუხი უნდა აგონ იმ ჭორაობის გამო, რომელიც ულახავს საქართველოს რეპუტაციას და ზრდის რისკებს, რომ რაღაც უბედურება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, რისი სურვილიც აქვთ - ლევან მაჭავარიანი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და მინიშნებებს ტერორიზმთან დაკავშირებით.

"კურიერის" მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, სუს-ში აცხადებენ, რომ უწყება აკვირდება და სწავლობს როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების მოტივაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ თუ მათ არგუმენტები და მტკიცებულებები ექნებოდათ, ამ შემთხვევაში, კითხვა ჩნდება, რატომ არ წარადგინეს ეს მტკიცებულებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

"თუ მათ არგუმენტები და მტკიცებულებები ექნებოდათ, ამ შემთხვევაში, კითხვა ჩნდება, რატომ არ წარადგინეს ეს მტკიცებულებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ეს არის ჩვეულებრივი ჭორაობა და ძალიან გვაგონებს ეს ყველაფერი იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის დროს. როდესაც ზუსტად ეს აქტორები გვაბრალებდნენ, რომ თითქოს შავი ხვრელი ვიყავით რუსეთისთვის სანქციების გვერდის არიდებაში, ისინი გვაბრალებდნენ, რომ თურმე ჩვენგან აწვდიდნენ კონკრეტული ქვეყნები რუსეთს რაღაც ტიპის შეიარაღებას და მსგავს მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებდნენ. ანალოგიურთან გვაქვს საქმე, ესენი არიან ქვეყნის მტრები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, ურჩევნიათ, რომ ქვეყანაში იყოს საომარი მოქმედება, იქიდან გამომდინარე, რომ მეტი უბედურება თუ მოხდება და რაც მეტი ქაოსი იქნება ქვეყანაში, ისინი ხედავენ რაღაც ალბათობას, რომ შეიძლება მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვიდნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ იმ ჭორაობის გამო, რომელიც ულახავს საქართველოს რეპუტაციას ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, ზრდის რისკებს, რომ რაღაც უბედურება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, რაზეც ისინი ლოცულობენ და რის სურვილიც აქვთ", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

განცხადებები საზოგადოებამ მათ შორის თავდაცვის ყოფილის მინისტრისგანაც მოისმინა, თინა ხიდაშელი საქართველოში არალეგალურად მოქმედ ტერორისტების სკოლაზე საუბრობდა.

გავრცელდა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაც სახელწოდებით - "საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება". ავტორები "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერი ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი არიან. კანდელაკი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერია, მანამდე "ნაციონალური მოძრაობის", შემდეგ კი "ევროპული საქართველოს" წევრიც იყო.

 

დღის ამბები