"დღეს, როდესაც მთელი რეგიონი არის ცეცხლის ალში გახვეული და შენ გამოდიხარ და ამბობ, რომ თურმე ტერორისტული სკოლაა და მსგავსი ისწავლება ამ სკოლაში, რას მოუწოდებ იმ ქვეყნებს, ვინც ებრძვის ტერორიზმს? ანუ რას ეუბნები, რომ საქართველოში მოახდინოს სამხედრო ინტერვენცია" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი საუბრობს.
საუბარია ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ საჯარო ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებსა და გამოქვეყნებულ კვლევებზე.
"არ შეიძლება, რომ აბრალებდე ქვეყანას იმას, რაც არ არსებობს ზოგადად იდეაში მსგავსი ფაქტი. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს, როდესაც მთელი რეგიონი არის ცეცხლის ალში გახვეული და შენ გამოდიხარ და ამბობს, რომ თურმე ტერორისტული სკოლაა და მსგავსი ისწავლება ამ სკოლაში, რას მოუწოდებ იმ ქვეყნებს, ვინც ებრძვის ტერორიზმს? ანუ რას ეუბნები, რომ საქართველოში მოახდინოს სამხედრო ინტერვენცია. ზუსტად ეს უნდა იყოს გამოძიების საგანი. წარმოადგინოს ფაქტები, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობდა. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში და არა მხოლოდ თინა ხიდაშელი, სხვა მსგავსი მოღალატეები, რომლებიც ეს დღეებია ეთერებში სხედან, მსგავს განცხადებებს ვინც აკეთებს, აბსოლუტურად ყველა", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და მინიშნებებს ტერორიზმთან დაკავშირებით. "კურიერის" მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, სუს-ში აცხადებენ, რომ უწყება აკვირდება და სწავლობს როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების მოტივაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე.
განცხადებები საზოგადოებამ მათ შორის თავდაცვის ყოფილის მინისტრისგანაც მოისმინა, თინა ხიდაშელი საქართველოში არალეგალურად მოქმედ ტერორისტების სკოლაზე საუბრობდა.
გავრცელდა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაც სახელწოდებით - " საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება". ავტორები "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერი ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი არიან. კანდელაკი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერია, მანამდე "ნაციონალური მოძრაობის", შემდეგ კი "ევროპული საქართველოს" წევრიც იყო.