11 ივნისი 2026,   01:03
ვრცლად
ლომჯარია-ფიშერის ფარული შეხვედრა - სახელისუფლებო გუნდი გერმანიის საელჩოში გამართულ კონსპირაციულ შეხვედრაზე განმარტებებს ელჩისგან ითხოვს

გავრცელებულ კადრებში ზაარბრიუკენის მოედანი ჩანს, დანიშნულების საბოლოო წერტილი, სადაც ნინო ლომჯარიას ფარული ევაკუაცია გერმანიის საელჩოდან, გერმანიის ელჩთან კონსპირაციული შეხვედრის შემდეგ მოხდა. ვიდეომასალაში ფიგურირებს ორი ავტომობილი, ერთი ელჩ პეტერ ფიშერს, მეორე კი ნინო ლომჯარიას ეკუთვნის. სწორედ დიპლომატი ფიშერის მანქანიდან გადმოდის ყოფილი სახალხო დამცველი, უცვლის ადგილს მისი მანქანის საჭესთან მჯდომ საელჩოს თანამშრომელს და ტოვებს ტერიტორიას. დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი კი მოედნიდან საელჩოს მანქანით გადის.

ლომჯარიას ფარული ევაკუაციის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, სახელისუფლებო გუნდი გერმანიის საელჩოში გამართულ კონსპირაციულ შეხვედრაზე განმარტებებს ელჩი ფიშერისგან ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ომბუდსმენი გერმანელ დიპლომატთან ქართველი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნით მივიდა და თანხმობაც მიიღო. ამ ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ კი, პეტერ ფიშერმა, ლომჯარიას საელჩოს ტერიტორია, ანუ ჩხეიძის 38 ნომერი, ფარულად, საკუთარი ავტომობილით დაატოვებინა. გავრცელებული ვიდეომასალა მმართველი პარტიისთვის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ლომჯარია-ფიშერის დიალოგი ქართველი ხალხის დასჯისა და ქვეყანაში არეულობის მორიგი მცდელობის შესახებ შედგა.

რატომ დატოვა ნინო ლომჯარიამ დიპლომატიური სამსახურის ტერიტორია ელჩ ფიშერის ავტომობილით თუ დასამალი არაფერი იყო? ყოფილი სახალხო დამცველი "კურიერის" ზარებს და შეტყობინებებს ამ დრომდე არ პასუხობს. ლომჯარიამ თავი აარიდა მთავარ შეკითხვასაც - რას განიხილავდა გერმანელ დიპლომატთან დახურულ კარს მიღმა და მოითხოვა თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

გერმანელი დიპლომატისა და ყოფილი ომბუდსმენის ორმხრივი დუმილის ფონზე, ლომჯარიას პოზიციების დაცვა დღეს მხოლოდ ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა სცადა.

ვიდეომტკიცებულებების გასაჯაროების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" ირწმუნება, რომ კონსპირაციულ შეხვედრაში საეჭვო მაინც არაფერია. სააკაშვილის პარტიაში კითხვები არც ელჩი ფიშერის მხრიდან შესაძლო დიპლომატიური ეთიკის დარღვევასთან დაკავშირებით უჩნდებათ.

"ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ფიშერისა და ლომჯარიას ფარული შეხვედრა ეჭვებს აჩენს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. მონაწილე მხარეების დუმილი კი "ხალხის ძალისთვის" მხოლოდ თანხმობის ნიშანია, რომ ენჯეოები გერმანელ დიპლომატთან კოორდინაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას და ამ გზით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავენ.

შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ასე აფასებს სახელისუფლებო გუნდი ყოფილი სახალხო დამცველისა და გერმანელი დიპლომატის გასაიდუმლოებულ შეხვედრას, რომელიც უმრავლესობის შეფასებით, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსაც აზიანებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ენჯეოებთან ფარული კომუნიკაციითა და ქართველების დასანქცირებაზე მსჯელობით, ელჩი ფიშერი ქვეყნის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას ავლენს.

კონსპირაციული შეხვედრის შესახებ ამ დრომდე დუმს და "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს გერმანიის საელჩოც. უცნობია ისიც, რას გულისხმობდა პეტერ ფიშერი, რომელმაც მედიის ინფორმაციით, უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ყოფილი ომბუდსმენის მოთხოვნას მხარი დაუჭირა და ნინო ლომჯარიას უთხრა, რომ უნდა დაელოდონ მომდევნო პერიოდს, როდესაც შეიძლება რაღაც მოხდეს, რაც რადიკალურად შეცვლის სიტუაციას და ვიზის თემასაც ჩაკარგავს. 

დღის ამბები