31 ოქტომბერი 2026,   15:52
ვრცლად
აგენტი არის აგენტი - ჯერ უთხრეს, დააბრალე საქართველოს ტერორისტების მომზადებაო და როცა გაიაზრეს, რომ ამის დამტკიცება შეუძლებელია, უბრძანეს, რაღაცნაირად იქნებ გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდანო - შარმანაშვილი

უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაწყებული გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამომძიებლების შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძემ უპასუხა. მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველი უწყებაში მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც კაპანაძემ თქვა, რომ საქართველოში მდებარე შტატების საელჩო და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება ირანის იერიშის სამიზნე გახდეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბაზ სანიკიძე.

სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, მტკიცებულებების გარეშე გახმოვანებული ინფორმაცია ქვეყნის მტრობაა, რაზეც ყველამ შესაბამისი პასუხი უნდა აგოს.

"მე აღარ მოვერიდები არაფერს და არ მიყვარს ასე მკვეთრი იარლიყების მიწებება, მაგრამ როცა სიმართლეა - უნდა ითქვას იმიტომ, რომ ყველა ზღვარს გადავიდა. პრინციპული აგენტი გინახავთ? რას ველოდებით ამათგან, რომ ისინი იყვნენ პრინციპული აგენტები? აგენტი არის აგენტი, უთხრეს დღეს, რომ დააბრალე საქართველოს ტერორისტების მომზადებაო, მერე გაიაზრეს, რომ ამის დამტკიცება შეუძლებელია იმიტომ, რომ არარსებული ფაქტია და უფრო რთულ სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყვნენ, ახლა უბრძანეს, რომ მოდი, რაღაცნაირად იქნებ გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან. იმ ბრძანებების გამცემლებს ვეტყოდი, რომ როდესაც ბრძანებას გასცემენ, იმ ეტაპზე დაფიქრდნენ ხოლმე, რა შეიძლება მოჰყვეს მათი აგენტურისთვის, მერე რომ გადარჩენას უპირებენ და რაღაც ახალ სულელურ ნარატივებს ათქმევინებენ არ მითქვამსო, როგორ არ გითქვამს? ყველა ვუყურებდით, მილიონობით ადამიანი და ამ ჩანაწერს დღეში ხუთჯერ იმეორებენ ტელევიზიები“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები