რატომ გააპარა გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საელჩოდან და რატომ არ ასაჯაროებს პიტერ ფიშერი შეხვედრის შინაარსს, - მეხუთე დღეა, დიპლომატიური უწყება დუმს. "ქართულ ოცნებას" არაერთი კითხვა აქვს.
მას შემდეგ რაც ლომჯარიას ფიშერთან შეხვედრა დადასტურდა და საელჩოს მანქანიდან საკუთარ ავტომობილში გადაჯდომის კადრებიც გავრცელდა საელჩოს განმარტება არ გაუკეთებია. მანამდე კი ნონო ლომჯარია ელჩთან შეხვედრასაც და მასთან საქართვერლოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნაზე საუბარსაც უარყოფდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ფიშერი ზიზღს თესავს.
"თავად სცენას ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, იმ მხრივ, რომ აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად. ასეთი სცენები გვაქვს ნანახი, ამაში გარკვეული გერმანული ესთეტიკა იგრძნობა,
ვხედავთ რა პეტერ ფიშერის პოზიციებს საქართველოსთან დაკავშირებით და ვიცნობთ ნინო ლომჯარიას პოზიციებს საკუთარ სამშობლოსთან მიმართებით, ამის გათვალისწინებით და იმ ინფორმაციის შეჯერებით, ნაკლებად მეპარება ეჭვი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო. სამწუხაროდ, პეტერ ფიშერისგან ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულებას ვხედავთ და არ ვიცი, მას რატომ აქვს გარკვეული ზიზღი "ქართული ოცნების" და მისი ამომრჩევლის მიმართ. მინდა, პეტერ ფიშერს ვუთხრა, რომ ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ქართულ ოცნებას“ ზიზღის ობიექტად ნუ ხდის. არ ვფიქრობთ, რომ სწორია ზიზღის ობიექტად წარმოსახო საქართველო, მისი მოსახლეობა და ხელისუფლება. სამწუხაროდ, მის პოზიციებში ზიზღი ძალიან ნათლად ჩანს, რაც საკმაოდ მძიმეა. იმის ფონზე, რა პარტნიორობაც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებობდა, დღეს ადამიანი გვყავს, რომელიც მის პიროვნულ დონეზე ზიზღის პოზიციას პირდაპირ გვაჩვენებს. ეს ადამიანი თეორიულ თუ წარმოსახვით საქართველოზე აპელირებს, რომელიც მას ყოველ დღე ხვდება და ემადლიერება. უნდა, რომ თავი ამით დაიმშვიდოს, მაგრამ სწორი არ არის, რომ საქართველო, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ზიზღის ობიექტი გახადო.
ეს არ არის ევროპული საქციელი და ევროპული მიდგომა, არც გერმანული მიდგომაა, რომ ზიზღი დათესო სხვა საზოგადოებაში. საქმე სამწუხარო მოვლენასთან გვაქვს, მაგრამ პეტერ ფიშერის შემთხვევაში უიმედო შემთხვევა, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ივნისს დაველოდოთ, როცა ის წავა საქართველოდან. იმედია, შემდეგი ელჩი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანმა გერმანიასა და საქართველოს შორის 30-წლიანი პარტნიორობა სამ წელიწადში დაანგრია", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.