თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რუჯერო ლეონკავალოს ოპერა "ჯამბაზების" საპრემიერო ჩვენებები გაიმართა. ეს არის პარმის ოპერის თეატრის პროდუქცია. დამდგმელი რეჟისორია ფედერიკო გრაცინი, სცენოგრაფი - ანდრეა ბელი, კოსტიუმების მხატვარი - ვალერია დონატა ბეტელა.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი. დირიჟორი - ფილიპო კონტი.
"ჯამბაზები" რუჯერო ლეონკავალოს საუკეთესო და ყველაზე პოპულარული ოპერაა. ორმოქმედებიანი ოპერა პროლოგით კომპოზიტორმა საკუთარი ლიბრეტოს მიხედვით დაწერა. "ჯამბაზების" პრემიერა მილანში ტეატრო დალ ვერმეში 1892 წლის 21 მაისს ტოსკანინის დირიჟორობით შედგა და უდიდესი წარმატება ხვდა წილად. სულ მალე "ჯამბაზებმა" მსოფლიოს წამყვანი სცენები შემოიარა და დღემდე რჩება დიდი თეატრების რეპერტუარში. თბილისის ოპერის თეატრში "ჯამბაზების" პრემიერა მსოფლიო პრემიერიდან ერთ წელიწადში 1893 წლის 13 სექტემბერს შედგა. "ჯამბაზების" ბოლო დადგმა (2006 წელი) თბილისის ოპერის სცენაზე თემურ ჩხეიძეს ეკუთვნის.
მრავალი სახელგანთქმული მომღერალი ასრულებდა ამ ოპერაში წამყვან პარტიებს, მათ შორის: ენრიკო კარუზო, ბენიამინო ჯილი, ჯუზეპე დი სტეფანო, მარიო დელ მონაკო, ფრანკო კორელი, ტიტო გობი, მარია კალასი, ლუჩიანო პავაროტი, პლასიდო დომინგო და სხვა. "ჯამბაზების" რამდენიმე კინოვერსია არსებობს. შეიძლება გამოიყოს 1948 წელს მარიო კოსტას მიერ გადაღებული ფილმი, სადაც მთავარ როლებში იყვნენ ტიტო გობი და ჯინა ლოლობრიჯიდა, ხოლო 1982 წელს რუჯერო ლეონკავალოს ეს ცნობილი ოპერა უდიდესმა იტალიელმა რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ გადაიღო. წამყვან პარტიებს პლასიდო დომინგო, ტერეზა სტრატასი და ხუან პონსი ასრულებდნენ.