01 ნოემბერი 2026,   11:18
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე: ვფიქრობ, შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი

ყველა შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონში ჩავატარეთ, იქნებოდა ეს აღმასრულებელი ხელისუფლების თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ძალიან კონსტრუქციულ გარემოში და მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა, – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველი შეიძლება ჰქონდეს.

"განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრებზე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ომის დეპარტამენტში. ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი. თუმცა ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რაზეც შევთანხმდით, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით სამუშაო პროცესს.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა უნდა მიგვიყვანოს ურთიერთობების გადატვირთვასა და გაჯანსაღებამდე. ამისთვის აუცილებელია, რომ შეთანხმებული საკითხები სამუშაო პროცესში გადავიდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამუშაო პროცესი ძალიან მალე დაიწყება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენა – ეს ის მთავარი საკითხებია, რომელსაც ქართული საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ყველა შეხვედრაზე განიხილავდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი.

 

დღის ამბები