უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაწყებული გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამომძიებლების შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძემ უპასუხა. მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველი უწყებაში მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც კაპანაძემ თქვა, რომ საქართველოში მდებარე შტატების საელჩო და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება ირანის იერიშის სამიზნე გახდეს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეგიონში არსებული მძიმე ვითარების ფონზე სიცრუეზე დაფუძნებული მსგავსი განცხადებები საფრთხის შემცველია და ქვეყნისთვის მავნებლობას წარმოადგენს, რის გამოც, მისი შეფასებით, გამოძიების დაწყება სწორი და დროული რეაგირება იყო.
„ვხედავთ რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობა არის რეგიონში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, რომელიც სიცრუეზე და ტყუილზეა დაფუძნებული, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და მრტივად რომ ვთქვათ, ეს არის მავნებლობა. ადამიანი, ჩვვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომელიც უყურებს და ისმენს ტელევიზიით ამ შინაარსის და ამა ტიპის განცხადებებს, რა თქმა უნდა ყველას გაუჩნდება კითხვა - რა დგას ამის უკან?! რატომ?! როგორ შეიძლება ადამიანმა იკადრო ასეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, გამოძიების დაწყებაც იყო სწორი, დროული რეაგირება მოჰყვა ამ ყველაფერს. შეცვლილი პოზიცია მათი მხრიდან, შემდეგ გაკეთებული კომენტარი, მე ვფიქრობ ყველა ხვდება თუ რაზე მიუთითებს“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.