26 ოქტომბერი 2026,   21:34
ვრცლად
"ფაქტია, აქამდეც ხელოვნურად იყვნენ დაყოფილები, ისინი არიან "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოსული ჯგუფები" - გიორგი შარაშიძე ოპოზიციური პარტიების ალიანსზე

"ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაცია" - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება 9 ოპოზიციური პარტიის ალიანზე, რომლის ყველა ლიდერიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ან მათთან კავშირში მყოფია.

არსებული ინფორმაციით, ახალი ალიანსი განიხილავს ერთ პარტიად გარდაქმნას, ერთი სიის და ერთი ნომრის ქვეშ ყოფნას, თუმცა ჯერ ამ თემაზე საუბარი არ სურთ.

"ქართულ ოცნებაში" იხსენებენ "ნაციონალური მოძრაობიდან" ეტაპობრივად წასული პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც ერთმანეთს მწვავედ აკრიტიკებდნენ და მოღალატეებს უწოდებდნენ, მათი გზები კი საბოლოოდ მაინც სააკაშვილის პარტიამდე მივიდა.

საპასუხოდ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მათ ქვეყნის გამო, ნებისმიერი წყენის დავიწყება შეუძლიათ.

"ალიანსის ჭეშმარიტი საფუძველი არის წინააღმდეგობა. ერთიანი სიის საკითხები, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არ არის და გადასაწყვეტ საკითხთა შორის არ მოიაზრება.

ძალიან მძაფრად იყვნენ დაპირისპირებულნი, სხვადასხვა დროს ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნითაც პოლიტიკოსები, თუმცა ეს მათ ხელს არ უშლის, რომ იყვნენ მჭიდრო ალიანსში.

ჩვენ, სამშობლოს გამო, ყველა პირად წყენას ვივიწყებთ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიციურ პარტიები გაერთიანდნენ, რადგან მათი წარსული სწორედ "ნაციონალური მოძრაობიდან" იწყება.

"ფაქტია, აქამდეც ხელოვნურად იყვნენ დაყოფილები. ფაქტია, ისინი არიან "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოსული ჯგუფები. დღეს, თუ თვლიან, რომ გაერთიანებაა საჭირო, მათი გადასაწყვეტია. ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ რეაგირებენ ასე მწვავედ - მათი წარსულია", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები