საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სპორტსმენები და მათი წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
"სასწაული მაინც მოხდა, ჩვენმა ლუკამ და ანასტასიამ, პირველად ქართული [ზამთრის] სპორტის ისტორიაში, შეძლეს ოლიმპიური მედლის მოპოვება და გაახარეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა. ეს მართლაც დიდი წარმატებაა ჩვენი სპორტისთვის და მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამიტომაც არის გამოკვეთილი ჩვენთვის სპორტის როლი ქვეყანაში. მიჭირს დასახელება ქვეყნების, სადაც ამდენი გამორჩეული, ანგარიშგასაწევი სპორტსმენი იყოს სხვადასხვა სახეობაში, როგორიც ჩვენს ქვეყანას ჰყავს. ეს მართლაც დიდი ფუფუნებაა, დიდი ბედნიერებაა და ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სახეობა, ეს სფერო ყოველთვის წარმატებული იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამას ვაკეთებთ კიდევაც. ვიცით, რომ სპორტსმენების ცხოვრებისთვის მუდმივად თანმდევია წარმატება და წარუმატებლობა, გამარჯვება და დამარცხება. მთავარია როგორი დამოკიდებულებით ვართ თითოეული ჩვენგანი, სპორტსმენი, მწვრთნელი, ხელისუფლება, სახელმწიფო, გულშემატკივარი და მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ბოლო წლების მანძილზე მით უმეტეს, არასდროს არ მიგვიტოვებია დამარცხებული სპორტსმენი, ყოველთვის ვართ სოლიდარულები, მის გვერდით ვართ და ვეხმარებით, რომ განაგრძოს თავისი მოღვაწეობა და მიაღწიოს შემდეგ წარმატებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებულთან დამოკიდებულება - ჩვენ ყოველთვის თანაზიარი ვართ მისი გამარჯვების და ყოველთვის ვცდილობთ შესაბამისად შევაფასოთ და დავაფასოთ მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე, რათა ისინი იყვნენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები. ეს არის ჩვენი ბუნებრივი და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენი სპორტსმენების და სპორტის მიმართ. ეს წარმატებები, რომლითაც განებივრებული ვართ გულშემატკივარი და მთელი ქვეყანა, რაც სპორტში გვაქვს და ყოველ წელს ეს ყველაფერი უფრო და უფრო მზარდია, მდგრადია და ვითარდება, სწორედ ამ დამოკიდებულების გამო ხდება ეს ყველაფერი, რომ ასეთი წარმატებული ვართ," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.